"მაგთი" თავის ქსელში 5G ინტერნეტს დანერგავს - კომპანიამ დღეს ComCom-ის აუქციონში გაიმარჯვა, რომელზეც სალიცენზიო სიხშირეები იყო გამოტანილი. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, "მაგთის" მიერ აუქციონის გზით მიღებული სიხშირეების ჯამური ღირებულება 77.1 მილიონ ლარს შეადგენდა და ამ თანხის 30% კომპანიამ უკვე დაფარა, დანარჩენ 70%-ს კი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გადაიხდის. ეს წარმოადგენს მორიგ აუქციონს, რომელშიც "მაგთიმ" გაიმარჯვა, რადგანაც კომპანიამ პარასკევს გამართულ აუქციონზე 48.8 მილიონ ლარად სიხშირეების პირველი პაკეტი შეიძინა. შესაბამისად, "მაგთი" 5G ლიცენზიებში ჯამურად 125.9 მილიონ ლარს გადაიხდის. ამას გარდა, კომპანია ხვალ დაგეგმილ აუქციონშიც გეგმავს მონაწილეობის მიღებას 2600 მეგაჰერცის დიაპაზონის სიხშირეების ლიცენზიის მოპოვებისთვის.
"გარდა ამისა, კომპანიას განაცხადი შემოტანილი აქვს ცალკემდგომ ლოტებზე 2600 მჰც დიაპაზონში, რომელთა აუქციონიც 22 ოქტომბერს გაიმართება. სიხშირეების მოპოვებასთან ერთად, ოპერატორი ვალდებული იქნება მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. ამასთან, 5G ქსელების აგებისას, კომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე აუქციონზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების სავალდებულო მოთხოვნა არ არსებობდა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ლოტს MVNO-ს ვალდებულებით აირჩევდა, საწყის საფასურზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებდა. „მაგთიკომმა“ ლოტები MVNO-ს სავალდებულო დაშვების გარეშე შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო, რომლის ფარგლებშიც MVNO-ს დაშვების ვალდებულებასთან ერთად მოიპოვა ლიცენზია მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დასანერგად. დღეისთვის, „სელფი მობაილს“ 5G ზუგდიდში, ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში, ქობულეთში, შეკვეთილში, გონიოსა და კვარიათში უკვე დანერგილი აქვს და ამ პროცესს კვლავ აქტიურად აგრძელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ, კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ,"- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.