საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა კომუნიკაციების კომისიას 2026 წლის პირველი ორი თვის ფინანსური მაჩვენებლები უკვე წარუდგინეს, რომელთა მიხედვითაც სექტორის შემოსავლები წელს 9.6%-ით, 150.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკის თანახმად, ქართული მობილური ოპერატორების აქტიური აბონენტების (აქტიური სიმ ბარათების) რაოდენობა 5,856,149-მდე არის გაზრდილი, რაც წლიურ ჭრილში 222,419 აბონენტის მატებას ნიშნავს.
2026 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში მობილური ოპერატორების ფინანსური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
- მაგთი - 71,602,382 ლარი, 2,425,985 აბონენტი, ბაზრის 41.4%, შემოსავლის ზრდა 10.3%;
- სილქნეტი - 51,951,181 ლარი, 2,092,716 აბონენტი, ბაზრის 35.7%, შემოსავლების ზრდა 7%;
- სელფი მობაილი - 26,878,569 ლარი, 1,322,229 აბონენტი, ბაზრის 22.6%, შემოსავლების ზრდა 12.9%.
ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ყველა ოპერატორის შემთხვევაში გაზრდილია ერთი მომხმარებლიდან ერთი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი (ARPU), რაც ოპერატორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. 2026 წლის თებერვალში "მაგთის" ერთი აბონენტი კავშირგაბმულობაში თვის განმავლობაში 14.09 ლარს იხდიდა, რაც წლიურად 76 თეთრით არის მომატებული, "სილქნეტის" ერთი აბონენტის საშუალო ხარჯი თვეში 11.93 ლარია, რაც 29 თეთრით არის გაზრდილი ერთი წლის ჭრილში, ხოლო "სელფი მობაილის" ერთი აბონენტის საშუალო თვიური ხარჯი 9.73 ლარია, რაც წლიურად 98 თეთრით არის მომატებული. შესაბამისად, 2026 წელს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება ყველაზე მეტად "სელფიმ" შეძლო.
მობილური ოპერატორების საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, მობილურ ინტერნეტს ყოველთვიურად 4,260,990 აბონენტი მოიხმარდა, რაც მთლიანი აბონენტების 72.8%-ია, წინა წელს ეს მაჩვენებელი აბონენტების 69.5% იყო.
სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით ერთი აბონენტი თვეში საშუალოდ 18.8 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარდა, რაც წლიურად 3.9 გიგაბაიტით არის გაზრდილი.



























