გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, შესაფუთი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხები მიმდინარე წელს გადაწყდეს.
როგორც ბითაძემ შესაბამისი რეგლამენტის მიღების გაჭიანურებაზე BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით ბევრი გამოწვევაა.
„რაც შეეხება ნარჩენების მართვას, ესეც განახლებადი ენერგიის ერთ-ერთ კომპონენტად შეიძლება იქნეს განხილული. სამომავლოდ ბიომასისგან მიღებულ ენერგიას მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი წვლილი ექნება ქვეყნის განახლებადი ენერგეტიკის საფუძვლების ჩამოყალიბებაში. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს საბოლოოდ გადავწყვიტოთ შესაფუთ ნარჩენებთან მიმართებით სამართლებრივი საკითხები, რაც ბევრი გამოწვევით სავსეა, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ნაწილის გათვალისწინებით, ასევე, ნარჩენების აღდგენის თვალსაზრისით“,- ამბობს ბითაძე.
ცნობისთვის, ნარჩენების მართვის რეფორმის ფარგლებში ამ ეტაპზე არსებული 6 რეგლამენტიდან 4 მიღებულია, თუმცა დამტკიცების მოლოდინშია 2 ტექნიკური რეგლამენტი, რომლის ფარგლებში მეორეული ავტომობილების და მოცულობით ყველაზე დიდი შესაფუთი ნარჩენის შეგროვება და გადამუშავება უნდა მოხდეს. დადგენილება, რომლის მიხედვითაც შესაფუთი ნარჩენების მართვა კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს, წლების წინ ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა, თუმცა მაშინ თბილისის მუნიციპალიტეტმა მისი შეცვლა მოითხოვა. მთავარი, რაზეც ბიზნესი და მუნიციპალიტეტები ვერ თანხმდებიან, ისაა, თუ ვინ შეაგროვებს ნარჩენებს და შესაბამისად, ვინ მიიღებს რეციკლირების საფასურს.