ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე პოლონეთიდან ტურისტების რაოდენობის შემცირების მიზეზს ასახელებს. როგორც მან ინდუსტრიის შეჯამებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ადმინისტრაციის მიერ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ამის მთავარი მიზეზი იყო ავიაკომპანია “ვიზეარის” მიერ სიხშირეების შემცირება.
„თქვენ იცით, რომ საქართველოდან პოლონეთის მიმართულებით ოპერირებს ორი ავიაკომპანია - "ვიზეარი" და LOT, ქუთაისიდან და თბილისიდან. „ვიზეარს“ მესამე და მეოთხე კვარტალში სხვადასხვა ქვეყანაში ჰქონდა გამოწვევები, შეამცირა სიხშირეები, ქუთაისში მას ჰქონდა სულ ხუთი დანიშნულების ადგილი და კვირაში 25 სიხშირის ფრენა და საბოლოო ჯამში, საქართველოში ფრენების 35%-იანი შემცირება ჰქონდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რამაც გამოიწვია პოლონეთიდან ტურისტების რაოდენობის შემცირება. წელს უკვე დასრულებულია მოლაპარაკება და აღდგება. საუბარია იმაზე, რომ დამატებითი ქალაქებიც დაემატოს“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
ცნობისთვის, 2024 წელს პოლონეთიდან საქართველოს 66 504 ვიზიტორი ეწვია, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან (91 201) შედარებით, 27.1%-იან კლებას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი ვიზიტების მიხედვით ტოპ-15 ქვეყანას შორისაა. ევროკავშირის ქვეყნებს შორის, 15-ეულში პოლონეთის გარდა, გერმანიაც შედის.




























