თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ რუქ ალ მარს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო ორმხრივი ტურისტული ნაკადების გაზრდას და საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ “აწარმოე საქართველოში” დირექტორი - მიხეილ ხიდურელი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე თორნიკე ჯობავა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - გიორგი ჯანჯღავა", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.
BM.GE დაინტერესდა, როგორია ტურიზმის სტატისტიკა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო წლებში UAE-დან ტურიზმი დადებითი დინამიკით ხასიათდება. 2023 წელს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 15 636 ვიზიტი განხორციელდა, რაც რეკორდული იყო და აჭარბებდა პანდემიამდელ პერიოდს. 2025 წლის 6 თვეში კი 6 734 ვიზიტი განხორციელდა.




























