ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა.
Reuters-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც აფრიკაში მაიმუნის ჩუტყვავილა გავრცელდა.
„ნათელია, რომ ამ აფეთქებების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირებაა საჭირო“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა.
ცნობისთვის: წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ჩუტყვავილას ახალი შტამის 13 700-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 450 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსი ასევე გავრცელდა აფრიკის სხვა სახელმწიფოებში, მათ შორის ბურუნდიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კენიასა და რუანდაში.