მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაინინგის ადმინისტრირებას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, აუცილებლად მოვითხოვოთ გადასახადი, სადაც მოიხმარენ - გია არაბიძე

გია არაბიძე

პრობლემა არა თავად კრიპტომაინინგში, არამედ მის არასწორ ადმინისტრირებასა და „შავ ხვრელებშია“, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტსა და ენერგოინფრასტრუქტურას ზიანს აყენებს - ამის შესახებ BMG-სთან ენერგეტკოსი გია არაბიძე საუბრობს.

მისი განმარტებით, 2025 წელს მაინინგის სექტორმა 600 მილიონ კილოვატ საათზე მეტი ენერგია აითვისა, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა. მიუხედავად იმისა, რომ ენერგომოხმარების მატება ზოგადად, ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს, მაინინგის შემთხვევაში სურათი განსხვავებულია.

„თვითონ ფაქტი, რომ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, ამაში საგანგაშო აბსოლუტურად არაფერი არ არის, რადგან ვიღაცამ ხომ უნდა მოიხმაროს ეს ენერგია. მთავარი ის არის, რომ ჩვენთან მოხმარებამ უკვე გადააჭარბა 1989 წლის ნიშნულს, რაც ეკონომიკის ზრდას უნდა ნიშნავდეს. თუმცა, მაინინგი ტექნოლოგიურად ისეა წარმართული, რომ მას დიდი რაოდენობით არ შემოაქვს ბიუჯეტში გადასახადი და არც დასაქმების კუთხით მოქმედებს სერიოზულად. გამოვიდა, რომ მან სოციალური ტარიფით მოიხმარა ენერგია, ისიც ვერ გადაიხადა, ბიუჯეტში ნაკლები შემოსავალი შემოიტანა და ხალხიც არ დაასაქმა. აი, ესაა მთავარი პრობლემა,“ - აცხადებს არაბიძე BMG-სთან.

ენერგეტიკოსის თქმით, ყველაზე დიდ საფრთხეს ის რეგიონები ქმნიან, სადაც ელექტროენერგია სუბსიდირებულია ან საერთოდ უფასოა. სვანეთი და აფხაზეთი იქცა ე.წ. „შავ ხვრელებად“, სადაც მაინინგი „სოკოებივით მრავლდება“.

„ჩვენს ტარიფში საკმაოდ დიდი დოზითაა გათვალისწინებული სოციალური ფაქტორი. როდესაც შენ ამ ტარიფით სარგებლობ და შესაბამის გადასახადსაც არ იხდი, ეს ძალიან ცუდია. ამის რეალური მაგალითები გვაქვს სვანეთსა და აფხაზეთში. აფხაზეთში, როცა ენერგოკრიზისი შეიქმნა, მოხმარება 10 მილიონიდან 7.5 მილიონამდე ჩამოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ადმინისტრირება გამკაცრდა და მაინინგი ფაქტობრივად გააჩერეს. როგორც კი კონტროლს იწყებ, პრობლემა მაშინვე გვარდება,“ - განმარტავს ენერგეტიკოსი.

გია არაბიძე გამოსავალს მკაცრ ადმინისტრირებასა და დიფერენცირებული ტარიფების შემოღებაში ხედავს. ის ყაზბეგის მაგალითსაც იხსენებს, სადაც წლების წინ, ბუნებრივი აირის მოხმარებაზე სოციალური ნორმა დაწესდა.

„უნდა განისაზღვროს, რა რაოდენობის ენერგია სჭირდება ოჯახს, რომ ის სოციალურად უზრუნველყოფილი იყოს. დავუშვათ, მესტიაში ოჯახს მივცეთ გარკვეული კვოტა უფასოდ, ხოლო რაც ამ ნორმას ზემოთ იქნება - კეთილი ინებონ და გადაიხადონ. ასე იყო წლების წინ ყაზბეგში, გაზთან დაკავშირებით: დაუწესდათ ნორმა, ხოლო ზედმეტის მოხმარების შემთხვევაში - იხდიდნენ. იგივე უნდა მოხდეს ელექტროენერგიაზეც. როგორც კი ადმინისტრირებას დაიწყებ, პრობლემა მაშინვე გვარდება. როგორც ჩანს, უკვე დროა, რომ სერიოზულად მოვკიდოთ ხელი ადმინისტრირებას, გამრიცხველიანებას და აუცილებლად მოვითხოვოთ გადასახადი სადაც მოიხმარენ.

კიდევ ერთი - თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში იქნება არ ღირდეს ისეთი ორგანიზაციების განლაგება, რომელთა წვლილი ჩვენი ბიუჯეტის შევსებაში და მოსახლეობის დასაქმებაში უმნიშვნელოა. ისინი უნდა გამოვიდნენ თავისუფალ ბაზარზე, იქ იფუნქციონირონ და იქ გადაიხადონ ისე, როგორც სხვა დანარჩენი საწარმოები იხდიან“ - განმარტავს გია არაბიძე.

ამასთან, მისივე შეფასებით, მაინერების მიერ ქსელის გადატვირთვა პირდაპირ აისახება ენერგოსისტემის მდგრადობაზე. ენერგეტიკოსი აღნიშნავს, რომ ხშირად ელექტროგადამცემი ხაზები ორმაგ დატვირთვას უძლებს, რაც ავარიულ გათიშვებს იწვევს.

„ჰკითხეთ „ენერგო-პრო ჯორჯიას“, რა დღეშია მათი ხაზები სვანეთში. როდესაც ხაზი გათვლილია გარკვეულ სიმძლავრეზე და მას ორჯერ მეტად ტვირთავენ, პრობლემა გარდაუვალია. 2025 წელს უამრავი გათიშვა გვქონდა. ახალი ტარიფებით, პირველ რიგში, ამ გათიშვების მინიმალიზაცია უნდა მოხდეს. ინვესტიციები უნდა ჩაიდოს ქსელის რეაბილიტაციაში, რათა მოსახლეობამ ელემენტარული სოციალური პირობები შეინარჩუნოს,“ - ამბობს გია არაბიძე.

2025 წელს ბიტკოინის გამომუშავებაზე საქართველოს ელექტროენერგიის 5% დაიხარჯა. სემეკისთვის წარდგენილი სტატისტიკის თანახმად, ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიების გამომუშავება სამჯერ გაიზარდა და 752 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. რაც შეეხება 2026 წლის მონაცემებს, სემეკის ინფორმაციით, წელს იანვარ-თებერვალში ამ კომპანიების ჯამური მოხმარება 86.7 მილიონი კილოვატ საათი იყო, რაც საქართველოს ელექტრომოხმარების 3%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები