მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაინტერესებს რუსების შემოსვლის ტემპი” - კითხვები ვიზიტორების სტატისტიკის გამოქვეყნების წესის შეცვლაზე

63ee983f16e42
ალა ისპირიანი
17.02.23 01:00
1263
შსს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემებს ყოველთვიურად აღარ გამოაქვეყნებს, რაც ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გადმოტანით ახსნეს. უწყებაში ასევე თქვეს, რომ „სტატისტიკის დამუშავების მეთოდოლოგია არ იცვლება“, იცვლება მხოლოდ ვადები და გამოსაქვეყნებელი მონაცემები უფრო დეტალური ხდება.

BMG დაინტერესდა - შსს-ს ახალი წესის გათვალისწინებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც მხოლოდ კვარტალში ერთხელ გამოაქვეყნებს თუ არა საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკას, რაზეც დადებითი პასუხი მივიღეთ.

Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა, საბა კიკნაძემ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ტურიზმის სექტორისთვის იმდენად არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც პოლიტიკურად.

მან თქვა, რომ არა როგორც ტურიზმის სპეციალისტს, არამედ, როგორც მოქალაქეს, მაგალითად რუსების შემოსვლის ტემპი და დინამიკა აინტერესებს.

„ვინც ამ ბიზნესშია ყოველთვიური მაჩვენებლით ვერც რეაგირებას ასწრებს და ვერც დასკვნა გამოაქვს, ამიტომ სამ თვეში ან კვარტალში ერთხელ გამოქვეყნებაში პრობლემას ვერ ვხედავ. ტურისტულ ინდუსტრიას, ჩამონათვალი საიდან, რამდენი ტურისტი შემოვიდა, არაფერს აძლევს. ვერცერთი სასტუმრო და ვერავინ მოასწრებს რეაგირებას, სერვისის მიწოდების ფარგლებში გადაერთოს რუსიდან ფრანგზე, ფრანგიდან იტალიელზე და ა.შ. ეს მთელი სისტემაა რომელიც უნდა გაითვალისწინო თუ ბაზრიდან, ბაზარზე გადასვლა გინდა. ეს ამ ბიზნესისთვის მთავარი არ არის, რომ ყოველ თვე ვხედავდეთ, ეს მთავარია საზოგადოებისთვის, რომ რა ტენდენციებია ვიცოდეთ.

ეს არის პოლიტიკა. მე მაინტერესებს არა როგორც ტურიზმის სპეციალისტს, უბრალოდ მაინტერესებს რა ტემპი და დინამიკა აქვს რუსების შემოსვლას საქართველოში, რადგან ასეთ დროს, როცა ასეთი სიტუაციაა, ეს სულ სხვა ნიშნით არის პირველ რიგში საინტერესო.

პოლიტიკური ორგანიზაციაა შსს-ს და გადაწყვეტილებასაც პოლიტიკოსები იღებენ. ტურიზმის თვალსაზრისით იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ პოლიტიკისთვის არის", - განაცხადა საბა კიკნაძემ.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები