მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაის-ივნისში 20 ათასი ვიზოტორი მივიღეთ - როგორ ვითარდება ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული ინფრასტრუქტურა?

64b00e31b61bb
სალომე ხიდურელი
14.07.23 09:30
863
სამხრეთ კავკასიის უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის, ენგურჰესის ტერიტორიაზე ტურისტული ზონის მოწყობის პროექტი კომპანია „ენგურის ტურისტული ცენტრის“ მიერ 2018 წელს შეიქმნა. პროექტის ფარგლებში ენგურჰესზე შემეცნებით-გასართობი და კულტურული სივრცეების მოწყობა იგეგმებოდა, რაც ენგურის კაშხალს „მსოფლიო დონის სანახაობად“ აქცევდა.

„ენგური ატრაქცია“ ენგურის თაღოვან კაშხალზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და მართვაზეა პასუხისმგებელი. როგორც კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე BM.GE-სთან აცხადებს, 2018 წლის პროექტის განხორციელებისა და სრულყოფაში მოყვანისთვის ენგურზე ცნობადობის გაზრდაა საჭირო.

„წელს მაისიდან ივნისის ჩათვლის 20 000 ვიზიტორი მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ენგურჰესზე ტურისტების მომართვიანობა მზარდია. ეს იმიტომ ხდება, რომ ინტენსიურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ჩვენ მოვაწყვეთ ფილმების საჩვენებელი სივრცე, სადაც ენგურზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება მიმდინარეობს. ასევე მოეწყო ციფრული ინსტალაციები სხვადასხვა მარშრუტებზე, რომლებიც დამთვალიერებლებს იმ სამუშაოების შესახებ ამცნობს, რომლებიც წლების განმავლობაში კაშხალზე ტარდებოდა.

ვფიქრობთ, ეს მიმართულება ზრდის ჩვენზე ცნობადობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ დიდი პროექტის განსახორციელებლად, რომელიც 2018 წელს მომზადდა და რომელშიც კერძო სექტორის ჩართვაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათაც განახორციელონ თავიანთი ინვესტიციები, მაგალითად საბაგირო ხაზების, ზიპლაინების მოსაწყობად“, - ამბობს ნიკოლოზ ანთიძე.

მისი თქმით, გარდა უკვე მოწყობილი ინსტალაციებისა, „ენგური ატრაქცია“ უკვე მუშაობს რამდენიმე ახალ სივრცეზე, რომლებიც წლის ბოლომდე ამოქმედდება.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, მხოლოდ ისეთი სივრცეები არ შევქმნათ, რომლებიც კაშხლის ისტორიას უკავშირდება. ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამუშაოები ციფრული სივრცის ქვედა სართულზე, სადაც თანამედროვე ქართველი მხატვრებისთვის საგამოფენო სივრცე მოეწყობა. ასევე კეთდება სივრცე „გამოხატე შენი ემოცია“, სადაც მსურველები ენგურჰესზე მოგზაურობისას გამოხატულ ემოციებს ვიდეოზე დააფიქსირებენ.

ასევე, ტენდერი დასრულებულია და იწყება ტერიტორიის მომზადება თანამედროვე სალაროსა და მაღაზიის ასაშენებლად, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. აუცილებლად მოეწყობა ციფრული სივრცე, სადაც მულტიმედია ფორმით მნახველი ენერგიის წყაროებზე მიიღებს ინფორმაციას“, - ამბობს ნიკოლოზ ანთიძე.

„ენგური ატრაქციას“ დირექტორის განცხადებით, კომპანია ასევე მუშაობს სპეციალურ სივრცეზე, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი დახლები უსასყიდლოდ გადაეცემათ, რათა ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციას შეუწყონ ხელი.

რაც შეეხება ენგურჰესის კაშხლის მოწყობისთვის განხორციელებულ ინვესტიციას, კომპანიის დირექტორის თქმით ამ ხარჯებს შპს „ენგურჰესი“ გამოყოფს და ყველა განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტის ჯამური ღირებულება 0.5 მილიონ ლარს არ აღემატება.

ამასთანავე, ანთიძის ცნობით, 2018 წელს შექმნილი ძვირადღირებული პროექტის დაფინანსებისთვის კერძო სექტორისგან დაინტერესება მზარდია, თუმცა მოლაპარაკებები დაწყებული არ არის. საუბარია 100 მლნ ლარის ინვესტიციაზე, რაც ენგურჰესზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები