მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაისი" ბიოდეგრადირებადი პლასტმასის შეფუთვების დანერგვას გეგმავს

მაისი

ქართული ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია “მაისი” ექსპორტის მიმართულებით განვითარებას განაგრძობს, - ამის შესახებ კომპანიის ბიზნესს განვითარების დირექტორი სალომე ალანია Bm.ge-თან ინტერვიუში საუბრობს.

“დავნერგეთ FDA სერტიფიკატი და ამერიკაში, ნიუ-იორკში მივიღეთ მონაწილეობა გამოფენა “Fancy Food Show”-ზე. ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ შემსყიდველებთან, გარდა ამისა, კონცენტრირებულები ვართ შევიდეთ გალფის ქვეყნებშიც, სადაც ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ოქტომბერში გერმანიაში მივდივართ გამოფენაზე და გეგმებშია, აქტიურად დავიწყოთ ევროპის ქვეყნების ათვისებაც” - დასძინა მან.

მისივე თქმით, ექსპორტის ქვეყნებად აირჩა გადამხდელუნარიანი ქვეყნები, ვინაიდან პროდუქტის თვითღირებულება ძვირი ჯდება, ნედლეულის ფასი კი იმატებს, სწორედ ამიტომ, კომპანიის გეგმებშია PET-შეფუთვის დანერგვაც.

“ნედლეულის გაძვირების გამო, არ გვინდოდა დრამატულად გაგვეზარდა ფასი, ამიტომ ვმუშაობთ PET-შეფუთვის დანერგვაზე, რაც ბიოდეგრადირებადი პლასტმასის შეფუთვებია. ჩვენ გავწევთ დამატებით ინვესტიციას და შუშას PET-დანადგარით ჩავანაცვლებთ, ვინაიდან თითქმის ყველა ქვეყნიდან, სწორედ ასეთ შეფუთვებზე გვაქვს მოთხოვნა”, - განმარტა ალანიამ.

მისივე თქმით, შუშა PET-დანადგარით სრულად არ ჩანაცვლდება, ვინაიდან არიან ბაზარზე ისეთი კლიენტებიც, რომლებსაც პროდუქტის ყიდვა შუშის ბოთლებში ურჩევნიათ.

ცნობისთვის, ნატურალური წვენების ბრენდი ბაზარზე 2022 წლიდან გამოჩნდა. კომპანიის შექმნაში 2,3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო. “მაისის” წლიური წარმადობა 1,5 მლნ ბოთლია, ბრენდის ქართული ნატურალური წვენები ამჟამად ექსპორტზე ორ ქვეყანაში - გერმანიასა და კანადაში გადის. "მაისის" პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სუპერმარკეტების ქსელ "გუდვილში", "აგროჰაბში", "სპარში", "სმარტში" და სხვა მაღაზიებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები