ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა პროდუქტებსა და მომსახურებაზე არსებული ფასების შესწავლას თვის ბოლომდე დაასრულებს, მიღებულ დასკვნებსა და სამოქმედო გეგმას კი საზოგადოებას მომავალი თვის დასაწყისში გააცნობს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, სამუშაო პროცესი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და მისი მიზანი იმის დადგენაა, თუ რამდენად ჯანსაღია ბაზარზე არსებული საფასო პოლიტიკა.
„ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და შესაბამისად, გეგმას... ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას. დასკვნა იქნება ყველაფერთან დაკავშირებით რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს მოცემული და როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე განმარტებით, დეტალური ინფორმაცია მოსახლეობისთვის მაისის პირველივე დღეებში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, კომისია საკანონმდებლო ორგანოში თებერვლის დასაწყისში, სამი თვის ვადით შეიქმნა. მის მიზნად ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადება სახელდება.




























