მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

4.60 ლარად 10 კვერცხს გაყიდინებთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს 0.5 კილოს 10 ლარში - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

4.60 ლარად 10 კვერცხს გაყიდინებთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს 0.5 კილოს გაყიდინებთ 10 ლარში - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ყოფილა თუ არა ბოლო დროს თვითონ, ან თავისი ოჯახის წევრი ბაზარში, იმ ფონზე, როცა "ფასების კომისიის" მუშაობის პარალელურად პროდუქცია ძვირდება.

„გაძვირება ტყუილია, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით. ჩვენი ამოცანაა, ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მთავრობაში მომავალ კვირაში გვექნება და ამის შემდეგ, საბოლოო გეგმით წარვსდგებით საზოგადოების წინაშე“.

ჟურნალისტი დაინტერესდა, როდის იმყოფებოდა პრემიერი ან მისი ოჯახის წევრი მაღაზიაში ბოლოს, რაზეც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ფასებს ვებგვერდების მეშვეობით აკონტროლებს.

„ვაკვირდები ხოლმე, ვებგვერდზე დევს ფასები და რა ფასებიც იყო ერთი თვის წინ, იგივე ფასებია შენარჩუნებული, განსაკუთრებით, ძირითად პროდუქტებზე... კომპიუტერში ასახულია რეალური ფასები, რაც მაღაზიაში გვხვდება. რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი რა ღირდა და რა ღირს?“

მას შემდეგ, რაც TV პირველის ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ კვერცხის ფასი 85 თეთრია, პრემიერმა მას მაღაზიაში ერთად წასვლა შესთავაზა:

„რა 85 თეთრი? წაგიყვანოთ და 4,60 ლარად გაყიდინოთ 10 კვერცხი?“

დიალოგი ხორცის ღირებულების თემით გაგრძელდა. კობახიძემ ჟურნალისტს შესთავაზა, რომ ნახევარ კილოგრამ ხორცს 10 ლარად აყიდინებდა.

„რა ღირს? მე გაყიდინებთ კონკრეტულ ფასში, რამდენშია თქვენ მითხარით და მე შეგისწორებთ. მე წაგიყვანთ და საქონლის რბილ ხორცს და ღორის რბილ ხორცს, ნახევარ კილოგრამს, 10 ლარში გაყიდინებთ“.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სად ყიდულობს თავად ამ პროდუქტებს, კობახიძემ კვლავ მაღაზიასა და ინტერნეტ რესურსებზე მიუთითა.

„ნახევარ კილოგრამს გაყიდინებთ 10 ლარში, საქონლის რბილი ხორცი და ღორის რბილი ხორცი. 10 ლარად გაყიდინებთ, თქვენ თქვით 40. წაგიყვანთ მაღაზიაში, როგორც კი დასრულდება ჩაწერა, გაჩვენებთ ფასებს, მათ შორის, ვებგვერდზე“.

პრემიერის თქმით, ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობის შედეგები და მთავრობის კონკრეტული გეგმა საზოგადოებისთვის მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები