TBC Capital-ის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 6.4%-ით გაიზარდა და 1,411 გვტ.სთ შეადგინა.
პუბლიკაციის მიხედვით, ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურ ჭრილში 6.6%-ითაა გაზრდილი, ხოლო ქარის სადგურების გამომუშავება 14.1%-ით შემცირდა. მაისში თბოსადგურების გამომუშავება არ ფიქსირდება.
რაც შეეხება მოხმარებას, წლიური ზრდა 1.9%-ია და მოხმარებამ 1,050 გვტ.სთ შეადგინა. საცალო სექტორის შემთხვევაში, მოხმარება წლიურ ჭრილში 1.6%-ითაა გაზრდილი, ხოლო მსხვილი მომხმარებლების - 13.9%-ით. ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარება წლიურ ჭრილში 11.1%-ითაა შემცირებული.
მიმდინარე წლის მაისში საქართველოდან ექსპორტირებულია 319 გვტ. სთ ელექტროენერგია, ძირითად ბაზარს კვლავ თურქეთი წარმოადგენს. TBC Capital-ის პუბლიკაციის მიხედვით, თურქულ ბაზარზე ელექტროენერგიაზე შემცირებული ფასების ფონზე, ელექტროენერგიის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი შემცირებულია.
საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება 4.44 აშშ ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურად 35%-იანი ზრდაა. მეორე მხრივ, მიმდინარე წლის მაისში, აპრილთან შედარებით, საბალანსო ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი თვიურად 22%-ითაა შემცირებული.