TBC Capital-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2026 წლის სექტემბერში დედაქალაქში 4 254 ბინა გაიყიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბაზრის ჯამურმა მოცულობამ $387 მილიონს მიაღწია, აქ წლიური ზრდა 17%-ს შეადგენს.
სექტემბერში ბინების საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე წლიურად 3%-ით გაიზარდა და $1 373 შეადგინა. საშუალო გასაქირავებელი ფასი კი 1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე $10.3-ს მიაღწია. უძრავი ქონების საშუალო ამონაგებმა 8% შეადგინა.
გაყიდვების ზრდა ძირითადად ძველი ბინების სეგმენტმა განაპირობა, სადაც ტრანზაქციები 13%-ით გაიზარდა (3 496 ბინა). ახალი ბინების გაყიდვები კი 3%-ით შემცირდა (758 ბინა) და ჯამურ გაყიდვებში 18%-იანი წილი დაიკავა. კლება ძირითადად $1 500-ზე დაბალი ფასის ახალ ბინებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება 9 თვის მონაცემებს, TBC Capital-ის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში თბილისში სულ 34 434 ბინა გაიყიდა (+18% წლიურად), ხოლო ბაზრის მოცულობამ $3 061 მილიონს მიაღწია (+23%).
გაყიდვების რაოდენობით სექტემბერში ლიდერობდა დიდი დიღომი (988 ბინა) და საბურთალო (705 ბინა), ხოლო ყველაზე მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი კვლავ მთაწმინდასა ($2 336/კვ.მ) და ვაკეში ($2 143/კვ.მ) დაფიქსირდა.
























