მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში EU-ში თავშესაფარი 80,000-ზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა - რამდენი მათგანი იყო საქართველოდან?

EU Asylum

Eurostat-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით, 2023 წლის მაისში ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის თხოვნით პირველად 80 375-მა არა-EU რეზიდენტმა მიმართა - რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-იანი ზრდაა. ხოლო თავშესაფრის განმეორებითი თხოვნით ევროკავშირს 5 325-მა ადამიანმა მიმართა, რაც გასულ წელთან შედარებით 16%-ით ნაკლებია.

როგორც წინა თვეებში, მაისშიც, ევროკავშირს თავშესაფრის თხოვნით ყველაზე ხშირად სირიიდან (12 110 აპლიკანტი), ავღანეთიდან (7 210), ვენესუელიდან (7 015) და კოლუმბიიდან (6 745) მიმართავდნენ. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინელების მხრიდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2 100-დან (2022 წლის თებერვალი) 12 185-მდე (2022 წლის მარტი) გაიზარდა, თუმცა ყოველთვიური მაჩვენებელი უკვე იკლებს და 2023 წლის მაისში 945-მდე ჩამოვიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის მოქალაქეებმა რეიტინგში მე-14 ადგილი 1 435 აპლიკანტით დაიკავეს.

თავშესაფრის მსურველთა უმრავლესობამ EU-ს ქვეყნებიდან გერმანიას, ესპანეთს, იტალიასა და საფრანგეთს მიმართეს. შესაბამისად, აპლიკანტების 78% სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყნიდან ევროკავშირს თავშესაფრის მოთხოვნით 2 225-მა მოქალაქემ მიმართა, რომელთა თითქმის ნახევარიც, 1 025 ადამიანი,  საცხოვრებელს გერმანიაში, 575 ადამიანი საფრანგეთში, ხოლო 315 - იტალიაში ითხოვდა. ხოლო სამი ქვეყანა, სადაც საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნით ყველაზე ნაკლები (5) მოთხოვნა შევიდა, საბერძნეთი, ნორვეგია და კვიპროსი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები