მაისში უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით შემცირდა, თუმცა როგორც Galt & Taggart-ში აცხადებენ, რეალური კლება უფრო დიდი იყო, რაც დაგვიანებული ტრანზაქციების პრაქტიკის გამო ჯერ არ ასახულა.
როგორც Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების მიმართულების უფროსმა კახა სამყურაშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ თვის შეჯამებისას განაცხადა, მიზეზი ერთი მხრივ დასვენების დღეების რაოდენობა, მეორე მხრივ კი არასტაბილური გარემო იყო.
რაც შეეხება ფასებს, მოთხოვნის შემცირების მიუხედავად ფასი უძრავ ქონებაზე კვლავ მცირედ ზრდას აჩვენებს.
„მაისში რეალობა მოლოდინებს შეესაბამება. გაყიდვების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით შემცირდა. ეს დასვენების დღეების რაოდენობას უკავშირდება - 15 არასამუშაო დღე გვქონდა და არასახარბიელო გარემო იყო, რაც ადამიანებს შესყიდვების გადადებისკენ უბიძგებს. გასათვალისწინებელი ისიც, რომ ბაზარზე დაგვიანებული რეგისტრაციების პრაქტიკა არსებობს, წინასწარი მონაცემებით რეალური შემცირება უფრო მეტი იყო ვიდრე 8%, თუმცა ივნისში, რამდენადაც წინასწარი მონაცემები ვიცით, განწყობა უკვე გაუმჯობესებულია", - აცხადებს კახა სამყურაშვილის და იქვე დასძენს: "არასტაბილური გარემო თუ გაგრძელდება და ვითარება წლის ბოლომდე არ დასტაბილურდა, ამან შესაძლოა გადადებული ტრანზაქციები კიდევ შეაჩეროს. ის ამ ეტაპზე გაუქმებული არ არის, როგორც კი სტაბილიზაცია დაისადგურებს, გაყიდვებზე აისახება".
Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების მიმართულების უფროსი უძრავი ქონების ფასების დინამიკაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ფასწარმოქმნისას მთავარი კომპონენტები ხარჯებია.
"მასალების და ხელფასების ნაწილში ხარჯების შემცირება არ იგრძნობა, რაც გასაყიდ ფასში ისახება. თვიდან-თვემდე ფასები მცირედით მაინც იზრდება.
უძრავი ქონების ფასების ერთთვიანი ჩავარდნა რისკების გადაფასებისთვის საფუძველს არ წარმოადგენს. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ რისკები მნიშვნელოვანად გაზრდილი არ არის, უბრალოდ მეტი სიფრთხილის საჭიროება გააჩინა. თუ ეს გაგრძელდება, მერე შეიძლება ბაზარზე ფასების კორექციაც მოხდეს“, - აღნიშნა სამყურაშვილმა.