წითელი ზღვის კრიზისის მაქსიმალური ეფექტი გადავლილია, მოსალოდნელია ტარიფების სტაბილიზაცია, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა კახა სამყურაშვილმა განაცხადა.
როგორც ის ამბობს, გადამზიდავმა კომპანიებმა ახალ მარშრუტებზე სრულად გადაწყობა მოახერხეს და პროცესებს წინასწარ გეგმავენ, რაც შეფერხებებს არ იწვევს. მისი თქმით, 2024 წლის მარტის დასაწყისისთვის საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსი პიკურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 17%-ით შემცირდა. Galt & Taggart-ის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელის პროგნოზით, ამ მიმართულებით 2024 წელს ვითარება სტაბილური იქნება.
“იანვრის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვების ფასები მცირდება, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. როდესაც ეს კრიზისი დაიწყო ხომალდები, რომელიც გზაში იყვნენ ახალ მარშრუტზე გადაწყობა მოუწიათ, ამან გამოიწვია დისბალანსი ხომალდების მოთხოვნა მიწოდებაში და მოკლევადიან პერიოდში დიდი მერყეობები, თუმცა საბოლოოდ, გადამზიდავები და ექსპორტიორები ადაპტირდნენ ახალ რეალობასთან და დაგეგმვა ახალი მოცემულობის გათვალისწინებით დაიწყეს. რეალურად ხარჯები, რაც გადამზიდავებს გაეზარდათ უფრო ნაკლებია ვიდრე ფასები, რომელიც საკონტეინერო გადაზიდვებში აისახა, თუმცა ამ დისბალანსმა მოკლევადიან პერიოდში ასეთი ზრდა გამოიწვია.
მეორე ფაქტორი, ახლა ნაკლებად არის მდგენელი, რომ ეს კრიზისი საკმაოდ აქტიურ პერიოდს დაემთხვა, ვგულისხმობ ჩინურ ახალ წელს, როცა არ მუშაობენ ქარხნები. ამ დასვენების პერიოდამდე დამკვეთები ცდილობდნენ, მაქსიმალურად გაეგზავნათ ტვირთი ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით და პიკი ზუსტად იანვრის ბოლოს დადგა საკონტეინერო ფასებში.
2024 წელს რეკორდული რაოდენობის ახალი გემების მიწოდება მოხდება და გემების რაოდენობა გაიზრდება, რომლისთაც შეიძლება საკონტეინერო გადაზიდვების განხორციელება, რაც მიწოდების ნაწილს დაასტაბილურებს. ბოლო ერთ თვეში, უკვე ვხედავთ 17%-იან შემცირებას საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსში და ზოგადად მოლოდინი არსებობს, რომ უარესი არის მეტწილად უკან,”-ამბობს Galt & Taggart-ის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი კახა სამყურაშვილი.
სუეცის არხი გლობალური ლოგისტიკული ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. სავაჭრო გემებზე, ჰუსიტების თავდასხმების გამო საზღვაო ხაზები წითელ ზღვას თავს არიდებენ, სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ, 6 000 მილით გაზრდილმა მარშრუტმა კი საზღვაო გადაზიდვის ღირებულებას გააძვირა.