გლობალური საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსი, რომელიც 2024 წლის იანვარში წითელ ზღვაში კრიზისული მდგომარეობის გამო გასამმაგდა, უკვე კლების ტენდენციას აჩვენებს.
2023 წლის დეკემბერში ინდექსი $1,521 დოლარზე იყო, რაც იანვრის ბოლოს 3,964 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა თებერვალში ფასმა შემცირება დაიწყო, მარტის პირველ კვირაში კი ინდექსი დაახლოებით 17%-ით შემცირდა 25 იანვრის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით და ახლა 40 - ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი 3287 დოლარია.
გადაზიდვის ფასის კლების მიუხედავად, მაინც წლიურ ჭრილში 82%-იანი ზრდაა. შანხაიდან როტერდამში გადაზიდვის ტარიფები 7%-ით ანუ 294 დოლარით შემცირდა და 40-ფუტიან კონტეინერზე 3650 დოლარი შეადგინა, ანალოგიურად, ტვირთის გადაზიდვის ტარიფები 6%-ით შემცირდა როტერდამიდან შანხაიში, შანხაიდან გენუაში და შანხაიდან ნიუ-იორკში.
წითელ ზღვაში კრიზისი სავაჭრო გემებზე ჰუსიტების გაზრდილმა თავდასხმებმა შექმნა, რის გამოც გემების უმრავლესობა უპირატესობას აფრიკის კონტინენტის შემოვლას ანიჭებს, რამაც გზა დააგრძელა და გადაზიდვებიც გააძვირა.
საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსს ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია drewry ითვლის, რომელიც ბაზარზე გაფორმებული კონტრაქტების ფასებს იკვლევს. შავი ზღვის სავაჭრო მოცულობის სიმცირიდან გამომდინარე ინდექსის შედგენაში შავი ზღვის არცერთი პორტი არ მონაწილეობს, შესაბამისად უცნობია თუ რამდენად შემცირდა საკონტეინერო გადაზიდვები უშუალოდ ჩვენს რეგიონში.