მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წითელი ზღვის კრიზისი გრძელდება - გადამზიდავები "შუა დერეფანს" არ ირჩევენ

გივი ჩაჩანიძე

საკონტეინერო გადაზიდვების ბაზარზე ფასების ზრდას ელიან. წითელ ზღვაში დაძაბულობის განმუხტვის ნიშნები არ შეინიშნება, კონტეინერებზე მზარდი დეფიციტი, ბაზარზე კი, გაურკვევლობაა.

საკონტეინერო გადაზიდვების გლობალური ინდექსი Drewry’s, რომელიც 25 იანვრიდან კლებას აჩვენებდა, ისევ გაიზარდა. 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი 3 511 დოლარია. ცარიელი კონტეინერების რაოდენობის შემცირებასა და საზღვარზე დიდი საცობის გამო, ჩინეთმა მკვეთრად, 500-800 დოლარით გაზარდა საკონტეინერო სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფი რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით. გაიზარდა ჩინეთიდან საზღვაო ფრახტის ფასი - 800-1000 დოლარიდან 1300 -1500 დოლარამდე.

საზღვაო ხაზები ელიან, რომ წითელ ზღვაში მიმდინარე მოვლენების გამო საერთაშორისო ვაჭრობაში შეფერხებები შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდეს.

COSCO SHIPPING LINES-ის გაყიდვების გენერალური მენეჯერი გივი ჩაჩანიძე მიიჩნევს, რომ უახლოეს პერიოდში ფასები შეიძლება ისევ გაიზარდოს - დაახლოებით 10-15%-ით.

„ვფიქრობ, ფასები წლის ბოლომდე კიდევ გაიზარდება 10-15%-ით, რომელიც წლის ბოლოსკენ ისევ შემცირდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო გზა მსოფლიოში. წითელი ზღვის კრიზისის გამო, საზღვაო ხაზებმა ალიანსები შეცვალეს, ბევრი გემი გადაიყვანეს სხვა მარშრუტზე. გაიზარდა საზღვაო გადაზიდვის დრო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმდენი გემი ვეღარ გამოდის იმდენივე სიხშირით. ეს გადაწყობა იწვევს იმას, რომ ვერგებით დღევანდელ ვითარებას, რასაც ჰქვია წითელი ზღვის კრიზისი. ხვალ რომ ეს კრიზისი დასრულდეს, საზღვაო ხაზებს ისევ მოუწევთ გადაწყობა, ამას მოჰყვება დამატებითი ციებ-ცხელება და ისევ მოხდება ფასების ცვლილება“, - განაცხადა გივი ჩაჩანიძემ „საქმის კურსში“ სტუმრობისას.

მისი თქმით, წითელი ზღვის კრიზისი უმნიშვნელოდ აისახა საქართველოში ტვირთის ნაკადზე, რაც შეეხება ფასებს, არც გადაზიდვის ტარიფები გაზრდილა.

„მქონდა განცდა, რომ ეს ვითარება „შუა დერეფანზე“ უფრო პოზიტიურად აისახებოდა, მეტ ტვირთს ველოდი. ზოგადად, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგაც მეტ ტვირთს ველოდით, თუმცა ეს ასე არ მოხდა. თავიდან არ ვიყავით მზად და იგივე ჯაჭვური რეაქციები განვითარდა. როდესაც შედარებით დასტაბილურდა ვითარება, ტვირთმა უკვე სხვა გზა ნახა. ამ შემთხვევაშიც წითელი ზღვის კრიზისს არავინ ველოდით, ერთ დღეს "ჩაიკეტა" ერთ-ერთი მთავარი არხი. ამას უნდა ეჩვენებინა პოზიტიური სიგნალები „შუა დერეფნის“ მიმართულებით, თუმცა ასე არ მოხდა. თუ შევადარებთ, იმას რა შეფერხება გამოიწვია "წითელი ზღვის კრიზისმა", ძალიან ცოტა ტვირთი გადამისამართდა. სულ, შესაძლოა, დაახლოებით 2%-ია ზრდა საკონტეინერო გადაზიდვების კუთხით“, - ამბობს გივი ჩაჩანიძე.

საზღვაო ხაზის წარმომადგენელი ამბობს, რომ „შუა დერეფანს“ აქვს რესურსი მიმზიდველი გახდეს, თუმცა მთავარია ადგილობრივი სერვისები/პროდუქტები შეიქმნას და ამით გახდეს დერეფანი მიმზიდველი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები