მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა გაუწიოს შუა დერეფანმა კონკურენცია რუსეთს? - გივი ჩაჩანიძის განმარტება

გივი ჩაჩანიძე

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმდინარეობის ფონზე, არ წყდება საუბარი შუა დერეფნის შესახებ, რომელიც რეგიონს ეკონომიკური განვითარების არნახულ პოტენციალს აძლევს. თავად ეს შესაძლებლობა საქართველოსა და რეგიონის სხვა სახელმწიფოებისთვის მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები ამოქმედდა და ჩრდილოეთის დერეფნით სარგებლობა შეზღუდული იქნა.

შუა დერეფნის ეკონომიკურ სარგებელზე ყველა მარტივად თანხმდება, თუმცა საკითხავი ის არის, რა მოხდება მაშინ, როდესაც ომი დასრულდება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაუქმდება და ჩრდილოეთის დერეფანი საერთაშორისო ასპარეზზე ისევ დაბრუნდება? - ამ შეკითხვებზე „საქმიან საღამოში“ სტუმრობისას ლოგისტიკური კომპანიის, COSCO SHIPPING-ის გაყიდვების გენერალური მენეჯერი, გივი ჩაჩანიძე გვპასუხობს.

„შუა დერეფნის გასაძლიერებლად აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება და მეტი ინვესტიციის განხორციელება. ერთ დროს, აუცილებლად დადგება ის პერიოდი, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაუქმდება და ჩრდილოეთის დერეფანი საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნდება. ეს დერეფანი ნამდვილად ძლიერია, რადგან აქ ვხედავთ მხოლოდ ერთ ქვეყანას, რუსეთს, რომელიც მთელ ევროპას და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს სარკინიგზო-სახმელეთო გზით. რუსეთის რკინიგზა კი, ამ კუთხით, საკმაოდ ძლიერი და განვითარებულია.

ჩვენ შემთხვევაში საქმე გაცილებით უფრო რთულად არის, იმისათვის რომ ტვირთი საქართველოდან ჩინეთში გავიდეს, მან შუაში კასპიის ზღვაც უნდა გაიაროს და თავად ამ დერეფანშიც მრავალი ქვეყანაა ჩართული.

ფიქრისას ნაკლები ფოკუსი უნდა გვქონდეს მოკლევადიან პერსპექტივაზე და არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როდის დაბრუნდება ჩრდილოეთის დერეფანი. ინფრასტრუქტურა არ უნდა მოვაწყოთ ხვალინდელი და ზეგინდელი დღისთვის - ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევქმნათ ისეთი ძლიერი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, რომელთან კონკურენციის გაწევა ვერცერთმა სხვა დერეფანმა ვერ შეძლოს“, - განაცხადა გივი ჩაჩანიძემ „საქმიან საღამოში“ სტუმრობისას.

გივი ჩაჩანიძის განმარტებით, შუა დერეფანში ამჟამად არსებული პრობლემები ყველასათვის კარგადაა ცნობილი. მთავარ გამოწვევად კი ის მოძველებულ სარკინიგზო სისტემას ასახელებს, რომელსაც მოდერნიზაცია, პარკის განახლება და ტარიფების გაუმჯობესება სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები