შუა დერეფნის ლოგისტიკური ხაზი ათამდე სახელმწიფოს და იურისდიქციას აერთიანებს, რაც მას განსაკუთრებით კომპლექსურ სატრანსპორტო სისტემად აქცევს. ცხადია, სახელმწიფოებისა და სატრანსპორტო მეთოდების ასეთი სიმრავლე პრობლემების სიუხვესაც იწვევს, ლოგისტიკური გადაზიდვის ინდუსტრია კი ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით მყისიერ რეაგირებას საჭიროებს, რადგან ტვირთი არ იცდის და ის აუცილებლად დროულად უნდა ჩავიდეს დანიშნულების ადგილზე.
„საქმიან საღამოში“ სტუმრობისას, მსხვილი საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის, COSCO SHIPPING-ის გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა შუა დერეფანთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირის არსებობის საჭიროებაზე ისაუბრა.
გივი ჩაჩანიძის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა იყოს ერთი ადამიანი, რომელიც ინდუსტრიის წარმომადგენლების პრობლემებს მოისმენს და მათ მყისიერ მოგვარებას უზრუნველყოფს.
„სასურველი იქნება, თუ რეგიონის სახელმწიფოები შუა დერეფანთან დაკავშირებით გამოაცხადებენ ერთ პასუხისმგებელ პირს. აი, მარტივად რომ შევხედოთ პროცესს: როდესაც იქმნება გარკვეული პრობლემა, მის მოსაგვარებლად ოფიციალურად უნდა დაუკავშირდე შესაბამის უწყებებს, მათგან პასუხის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება. ჩვენ კი ყველამ კარგად ვიცით, რომ ტვირთი არ იცდის და ის ვერ დაელოდება ოფიციალური უწყების ფორმალურ პასუხს. როდესაც პრობლემა ჩნდება, ის სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს და ამას სჭირდება ერთი ადამიანი, რომელსაც ყველა კარში შესვლა და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი რეაგირება შეეძლება“, - თქვა გივი ჩაჩანიძემ.