2025 წლის 29 დეკემბერს "ოცნების" მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას მინისტრებმა შეაჯამეს განვლილი წელი და განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული მნიშვნელობის მიმდინარე პროექტები, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დადებით დინამიკაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში ტრანსპორტირების საკითხის ოპერატიული გადაწყვეტისთვის.
რეგიონში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობისას, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და აღნიშნეს საქართველოს მზაობა, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.
საუბრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მოახლოებული ახალი წელი მიულოცა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების სურვილი გამოთქვა.
მასალა მომზადებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.




























