მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკროეკონომიკური პარამეტრები ძლიერია, რასაც ბიზნესის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება - სოსო ფხაკაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ სოსო ფხაკაძის განცხადებით, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები ძლიერია, რასაც ბიზნესის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ახალ ხელმძღვანელთან ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა და ასოციაციის აღმასრულებელმა გუნდმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ ხელმძღვანელს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო გააცნეს. შეხვედრაზე განხილული იყო ის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ანიჭებს და ევროპული ბაზრის პერსპექტივები და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც მეტ მდგრადობასა და განვითარების შესაძლებლობას მოუტანს ქვეყანას.

„მივესალმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელს საქართველოში. მოხარულნი ვართ, რომ მისია აქტიურად ადევნებს თვალყურს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. შეხვედრაზე განვიხილეთ ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ჩარჩო, რომელიც გავლენას ახდენს ბიზნეს სექტორსა და მომხმარებელზე და ქმნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობებს. ფაქტია, და ამას მისიაც აღიარებს, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები ძლიერი და ჯანსაღია, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის განვითარებისთვის. ასოციაციას აქვს მუდმივი კომუნიკაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი დიალოგი მნიშვნელოვანია გამოცდილებისა და ეკონომიკაში არსებული მონაცემების გაზიარების თვალსაზრისით, რასაც პროცესში მეტი სიცხადე შემოაქვს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ქვეყანაში მიღწეულ ინფლაციის დაბალ მაჩვენებლებს, ასევე ეროვნული ბანკის მიერ შემცირებულ რეფინანსირების განაკვეთსა და ეკონომიკური ზრდის პირველი 4 თვის პარამეტრებს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს BAG ინდექსის ბოლო კვარტლის კვლევის შედეგები, რომელიც ეხება ბიზნეს კლიმატს, დასაქმების ბარომეტრსა და საინვესტიციო ბარომეტრს. ისაუბრეს ასევე ბიზნეს საქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რომელიც, BAG ინდექსის ფარგლებში, ასევე შეადგენს კვლევის საგანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები