საფრანგეთის პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელთან დაკავშირებითაც ელისეს სასახლეს პრესსამსახური პრესრელიზს ავრცელებს. მისი მიხედვით, მაკრონმა დაგმო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ზეწოლა, ასევე მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა, ამასთან მაკრონმა ხაზი გაუსვა აქციების პერიოდში დაკავებულთა გათავისუფლების აუცილებლობას.
"საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი თავისი ინიციატივით ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა.
მან დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან ითხოვა ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ.
მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სინანული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპული ტრაექტორიიდან და დაადასტურა თავისი რწმენა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად იმოქმედებს კურსი, რომელიც არჩეულ იქნა ან იქნება.
მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რასაც კიდევ ერთხელ მიესალმა,"- ნათქვამია ელისეს სასახლის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დიამეტრალურად განსხვავებული რელიზი გაავრცელა ივანიშვილის პარტიამ, სადაც აღნიშნული იყო, რომ მაკრონი წუხდა საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, თუმცა არ იყო ნათქვამი, რომ ივანიშვილმა მაკრონისგან კრიტიკა მიიღო.
ოცნების განსხვავებული ხედვა რა ითქვა სატელეფონო საუბარში:
"საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის. მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა.
თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.
ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა", - ნათქვამია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.