მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მალე მრავალფეროვანი პროდუქტებით შევუტევთ როგორც შიდა, ისე საექსპორტო ბაზრებს - "მკისა"

მკისა

ნუშის პლანტაციების მფლობელი აგროკომპანია „მკისა“, რომელიც ბოლნისში ნუშის პლანტაციებს და გადამმუშავებელ საწარმოს ფლობს, ექსპორტისთვის ემზადება.

"მალე მრავალფეროვანი პროდუქტებით შევუტევთ როგორც შიდა, ისე საექსპორტო ბაზრებს“, - თქვა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მკისას კომერციულმა დირექტორმა გიორგი გუდაბანძემ.

„მკისას“ ბოლნისში 40 ჰა-ზე გაშენებული აქვს ნუშის ბაღი - პირველი მოსავალი შარშან მიიღეს; ბოლნისში აქვთ გადამმუშავებელი საწარმოც. გარდა ამისა, კომპანია წყალტუბოსა და ხობში 55 ჰა-ზე მოცვის პლანტაციებს ფლობს და პირველ მოსავალს წელს ელოდებიან.

„ორივე პროდუქტი - როგორც ნუში, ისე მოცვი საექსპორტო პროდუქციაა, ამიტომ ლოგიკურია, ექსპორტზე ვფიქრობთ და არათუ ვფიქრობთ, არამედ ვსწავლობთ კიდეც ძირითად სამიზნე ბაზრებს, რომელიც ევროკავშირის, გალფის და შუა აზიის ქვეყნებია. მართალია, ნუშის პირველი მოსავალი შარშან სექტემბერში ავიღეთ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ საექსპორტო ბაზრები კარგად მოგვეკვლია; მეტიც, უკვე საკმაოდ ბევრი რესურსი დავხარჯეთ კონკრეტული კომპანიების მოსაძიებლად, რათა მზად შევხვდეთ იმ სრულ წარმადობას, რომელსაც „მკისა“ შემდეგ წლებში უმიზნებს“, - განაცხადა გიორგი გუდაბანძემ და იქვე დასძინა, რომ „მკისა“ არა მხოლოდ ნუშს გაყიდის, როგორც ინგრედიენტს, არამედ კომპანიის მიზანია, ნედლეულის გადამუშავებით, დამატებითი ღირებულება შექმნას.

"სხვებისგან განსხვავებით, ნუშის მიმართულებით ჩვენი მიდგომაა, არა უბრალოდ საბითუმო რეალიზაცია როგორც შიდა, ისე საექსპორტო ბაზრებზე, არამედ დამატებითი ღირებულების შექმნა. ამ ეტაპზე, რამდენიმე დასახელების შეფუთული ნუში გვაქვს, რომელსაც ჩვენივე საწარმოში ვამუშავებთ (ნედლი ნუში, მოხალული ნუში, დამარილებული ნუში და ცხარე ნუში) და ვაპირებთ, ახალი სახეობებიც დავამატოთ. კერძოდ, კარამელიზებული ნუში და ასევე მიქს-პროდუქტი ჩირეულთან და თხილეულთან ერთად. ჯამში, ვაპირებთ, პორტფელში 10-15 სხვადასხვა პროდუქტი გვქონდეს“, - აღნიშნა გიორგი გუდაბანძემ.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად, „მკისას“ თავისი მაღაზია აქვს „ბაზარი ორბელიანზე“, მაგრამ გეგმავს, თავისი პროდუქცია რამდენიმე საცალო ქსელში შეიტანოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები