მალე საქართველოში ახალი ექსკლუზიური ელექტრომობილი - Smart #1 BRABUS შემოვა, რომელიც Autogallery-ს ცენტრში გაიყიდება.
Smart-ის ლიმიტირებული წარმოების ელექტრომობილის შემოყვანას საქართველოში "თეგეტა ქარსის" შვილობილი კომპანია უზრუნველყოფს და ავტომობილზე TEGETA-ს სრული გარანტია ვრცელდება, რომელიც 2-წლიან ან 100,000 კილომეტრამდე მომსახურებას გულისხმობს.
#1 BRABUS-ს შთამბეჭდავი ტექნიკური მახასიათებლები გამოარჩევს: ელექტრომობილი 428 ცხენის ძალას და 584 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს; მას ერთი დამუხტვით დაახლოებით 400 კილომეტრის გავლა შეუძლია და 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის მას სულ რაღაც 3.9 წამი სჭირდება. თავად ელექტრომობილი კომპაქტური SUV-ის კატეგორიას მიეკუთვნება და ის პრაქტიკული შესაძლებლობებითაც გამოირჩევა. მას ორი მოტორი და ოთხივე თვლის წამყვანი სისტემა (AWD) აქვს.
Smart-ისა და BRABUS-ის თანამშრომლობით, #1-მა აგრესიული დიზაინი, განახლებული ინტერიერი, სპორტული დაკიდების სისტემა და სტანდარტულ მოდელთან შედარებით 156-ით მეტი ცხენის ძალა მიიღო. გარდა ამისა, აღნიშნული მოდელი მსოფლიოს მასშტაბით შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება, რაც მას იშვიათ და გამორჩეულ ვერსიად აქცევს.
რაც შეეხება თავად კომპანია Smart-ს, ის Mercedes-Benz-ისა და Geely Holding-ის შვილობილი ბრენდია, ამიტომაც Smart-ის დნმ-ში მარტივი შესამჩნევია Mercedes-ის დიზაინი და სტილი. BRABUS-თან თანამშრომლობაც სწორედ იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ გერმანული ტუნინგ-ატელიე ძირითადად Mercedes-ის ავტომობილების გაუმჯობესებითაა დაკავებული.
Smart #1 BRABUS-ის საქართველოში შემოყვანის მთავარი მიზეზი ელექტრომობილებზე მზარდი მოთხოვნაა, აღნიშნული მოდელი კი პრაქტიკულობასთან ერთად, თვითგამოხატვის საშუალებასაც იძლევა.
„ელექტრომობილების რაოდენობა თბილისში საგრძნობლად გაიზარდა. ამის მიზეზი როგორც ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე თავად ავტომობილების გაუმჯობესებაცაა. დღეს საშუალოდ ახალი ელექტრომობილი ერთი დამუხტვით 400-500 კმ-ს ფარავს, რაც სავსებით საკმარისია საქართველოს ნებისმიერ წერტილში ჩასასვლელად.
ქალაქში საშუალოდ კვირაში ერთხელ გიწევს ელემენტის დამუხტვა. გარდა ამისა, პარკინგი სრულიად უფასოა და ყოველთვიური შენახვის ხარჯები შიგაწვის ავტომობილთან შედარებით - განახევრებულია. ამიტომ გაჩნდა მოთხოვნა უფრო მაღალი კომპლექტაციის ავტომობილებზე, რომელიც პირველად საქართველოში სწორედ „თეგეტა ჰქარსის“ შვილობილმა კომპანიამ - „ავტოგალერიმ“ შემოიყვანა.
ამ პროექტის ნაწილია ახალი Smart-იც, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით გაიყიდება. დღეს ავტომობილი თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა, ეს კონკრეტული მოდელიც სწორედ ამაში დაეხმარება ჩვენს მომხმარებლებს,“ - აღნიშნავს Autogallery-ს დირექტორი, ნოდარ ჭირაქაძე.
თვითგამოხატვის მნიშვნელობაზე საუბრობს Autogallery-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი, ლევან თაღიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ Smart-ის ელექტრომობილი მართვის უნიკალურ გამოცდილებას იძლევა და ის მომხმარებლის სურვილებს ზუსტად ერგება.
„Autogallery შექმნის პირველი დღიდან პრემიუმ/ექსკლუზიურ ავტომობილებზეა ორიენტირებული და აქცენტს ელექტრო მიმართულებაზე აკეთებს. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია ელექტრო ავტომობილი, დამეთანხმება, რომ ეს სრულიად სხვა გამოცდილებაა. ჩვენი მისია ადამიანებისთვის თვითგამოხატვის განსაკუთრებული შესაძლებლობის მიცემაა და ვფიქრობ, ახალი ელექტრო Smart-ი ამ მიზანს იდეალურად შეასრულებს,“ - განაცხადა ლევან თაღიაშვილმა.