მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მალე საქართველოში: ჩვენი ლეგენდები "ინტერის" ლეგენდების წინააღმდეგ მარტში

ლეგენდები
18.12.23 11:56
1636

2024 წლის მარტში, სანამ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფი მოუწევს, ბათუმში ლეგენდარული ფეხბურთელების ისტორიული მატჩი გაიმართება: საქართველოს ნაკრების ლეგენდები მილანის ინტერის ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებენ.

ეს არ იქნება ერთჯერადი პროექტი - “ევროპაბეთის” ორგანიზებით, Sports Orient-თან პარტნიორობით, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების ჩამოსვლა და ქართული ფეხბურთის ვეტერან ვარსკვლავებთან თამაშები საქართველოში ტრადიციად უნდა ჩამოყალიბდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერის ლეგენდების ჩამოსვლა მხოლოდ დასაწყისია.

GEO11-ის შემადგენლობაში აუცილებლად ითამაშებენ საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, ერთ-ერთი რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე, გამორჩეული მებრძოლი და ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია.

მილანური გუნდის ლეგენდების გუნდში ითამაშებს ოქროს ბურთის მფლობელი ლუიშ ფიგუ, ასევე ამ კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი და არგენტელი ესტებან კამბიასო, რომელიც ჟოზე მოურინიოს ტრებლის მომგები ლეგენდარული გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო.

ინტერის ლეგენდების გუნდი ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავურია. მილანური გრანდი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ინტერნაციონალურობაზე და გახსნილობაზე სხვადასხვა კულტურების მიმართ. ეს მის ისტორიასა და დნმ-შია ჩადებული - სწორედ ამიტომაც ჰქვია “ინტერნაციონალე”.

შოთა არველაძე (GEO11): "ბედნიერი ვარ, რომ ამ შესანიშნავი ღონისძიების ნაწილი ვიქნები და კიდევ ერთხელ ვითამაშებ ნაკრების მაისურით, ამჯერად შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, სადაც მსოფლიო დონის არაერთმა ვარსკვლავმა ითამაშა. ჩვენთვის პატივია მილანის ინტერთან დაპირისპირება და ვეცდებით, შესანიშნავ ფეხბურთელებს ღირსეული თამაში დავუპირისპიროთ. დარწმუნებული ვარ, ამ მატჩით გულშემატკივარი, ნებისმიერი სპორტის მოყვარული და ყოფილი ფეხბურთელი ძალიან
გაიხარებს. შევხვდებით მარტში!"

თემურ ქეცბაია (GEO11): “ჩამოვა ლუიშ ფიგუ, რომელსაც ოქროს ბურთი აქვს მოგებული, ჩამოვა გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული - ასეთი თამაში და ასეთი ფეხბურთელების ჩამოსვლა საქართველოსთვის, ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.”
ესტებან კამბიასო (Inter Forever): “ეს საფეხბურთო ზეიმი განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც ადრე, სათამაშო კარიერის დროს ვაკეთებდით. ინტერში ბევრი წელი გვაქვს გატარებული და გვესმის, რას ნიშნავს, წარმოადგენდე ამ კლუბს. იმედი მაქვს, რომ თამაშს სათანადო ფორმაში შევხვდებით, რათა კარგი სანახაობა ვაჩვენოთ როგორც სტადიონზე შეკრებილ მაყურებლებს, ასევე მათ, ვინც ტელევიზიის საშუალებით გვიყურებს. მთავარი მაინც ის იქნება, რომ ამ თამაშით ყველამ სიამოვნება მივიღოთ.”

მაია კოპინაძე (“ევროპაბეთის” აღმასრულებელი დირექტორი): “ზოგადად, ფეხბურთი ერთი დიდი ზეიმია და ძალიან გვინდა, რომ საქართველოში, ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი და განსაკუთრებული ზეიმი მოვაწყოთ. მჯერა, რომ ძალიან მაგარ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ფეხბურთით არიან დაკავებულები, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გავუჩენთ, რომ კიდევ უფრო უკეთესად ივარჯიშონ და მიზნად დიდი ოცნებები დაისახონ.”

ოთო მუმლაძე (Sports Orient-ის დამფუძნებელი): “ჩემთვის, როგორც ორგანიზატორისთვის, ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთი მთავარი, რასაც გამოვარჩევ, იმ ფეხბურთელების ერთად შეკრებაა, ვინც სხვადასხვა დროს ქართველ გულშემატკივარს არაერთი სიხარული მიანიჭა. მიუხედავად იმისა, როგორია მათი დღევანდელი სტატუსი თუ საქმიანობა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ფეხბურთის ძალით, ყველა ის დამსახურებული ფეხბურთელი ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებულიყო და მიხარია, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში ეს პირველად მოხდება. გარდა ამ გზავნილისა, Legend Serie-ის მატჩებს ძალიან მკაფიო მიზანი აქვს - ქართულ საფეხბურთო სტადიონებზე და ქალაქებში უნდა შეიქმნას საზეიმო განწყობა, დამკვიდრდეს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სტადიონზე სიარულის კულტურა და რა თქმა უნდა, ამ მატჩებმა საქართველოს, როგორც ქვეყანას პოპულარიზაცია უნდა გაუწიოს. მინდა, მადლობა ვუთხრა მატჩის სპონსორებს და პარტნიორებს, რომლებიც არცთუ მარტივ პროექტში გამოგვყვნენ, ამ კუთხით განსაკუთრებით europebet-ისა და europop-ის მხარდაჭერას გამოვყოფ, მათ ძალიან სწორად გაიაზრეს მატჩის და ზოგადად ამ წამოწყების მნიშვნელობა."

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები