საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მამადუ სახო უკვე საქართველოში იმყოფება და ქუთაისის “ტორპედოსთან” კონტრაქტიც შეათანხმა. ქუთაისელების განცხადებაში, როგორც ვკითხულობთ მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამჟამად ყველა დეტალი შეთანხმებულია:
“ფეხბურთელი ქუთაისის “ტორპედოს” არამხოლოდ ტიტულების მოგებაში დაეხმარება, არამედ იგი ერთგვარი ელჩი იქნება საერთაშორისო საფეხბურთო თანამეგობრობასთან. მამადუ სახო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს, როგორც კლუბის ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში, ისე მრავალმხრივ საზოგადოებრივ და საქველმოქმედო აქტივობებში. ის ასევე კლუბის მენეჯერ სტივ კინთან ერთად, ჩაერთვება ქუთაისის “ტორპედოს” აკადემიის განვითარებაში, იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტორი და მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების გარანტი” - ნათქვამია “ტორპედოს” განცხადებაში.
თავად ფეხბურთელის განცხადებით მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართულ კლუბში გადმოსვლა გადაწყვიტა ის ამბიციებია, რომელიც “ტორპედოელებს” გააჩნიათ:
“ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა ახალი გამოწვევაა და გახარებული ვარ. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო იქნება, რადგან საკმაოდ ამბიციურ კლუბში მოვედი. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო. კარიერის განმავლობაში მოედანზე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი. ასე იქნება ახლაც. გულშემატკივარს მოვუწოდებ ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდნენ, რადგან მათი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ” - განაცხადა მამადუ სახომ.
შეგახსენებთ, რომ მამადუ სახო საფრანგეთის ნაკრებში 2010-2018 წლებში ასპარეზობდა, რომელთან ერთადაც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.
რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ფრანგი “პსჟ-ში”, “ლივერპულში”, “კრისტალ პალასსა” და უკანასკნელად “მონპელიეში” ასპარეზობდა, რომელთანაც კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა და ნოემბრის შემდეგ უკლუბოდ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის “ტორპედო” ევროთასებზე იასპარეზებს, კერძოდ უეფას კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კლუბი განუთესავი იქნება და მატჩებს 11 და 18 ივლისს გამართავს.