მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე "პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით ეროვნულ ბანკს პასუხობს

5da998ad37616
BM.GE
18.10.19 14:49
2176
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოს ეროვნულ ბანკის განცხადებას პასუხობს “პროგრეს ბანკთან” დაკავშირებით.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელმაც “ურცხვად თქვა”, რომ არ იცის „პროგრეს ბანკისა" და ამ ტრანზაქციებს შესახებ, კეთილი უნდა ინებოს და ჩავიდეს ერთი სართულით ქვევით, შეკრიბოს ის გუნდი, რომელიც დღე და ღამე ამ ტრანზაქციებს უყურებდა.

ხაზარაძე ამბობს, რომ ის თიბისი ბანკს აღარ წარმოადგენს, ასე პასუხობს ის შეკითხვას, არის თუ არა მისთვის ცნობილი, რომ „პროგრეს ბანკიდან" არაუზრუნველყოფილი სესხები გაიცემოდა კახა კალაძის გარემოცვის კომპანიებზე, რისი ამსახველი დოკუმენტაციაც „თიბისი ბანკში" ინახება.

მან “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს კახა კალაძის განცხადებასაც უპასუხა, რომ ხაზარაძე „პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით ცრუობდა.

ხაზარაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქვეყანას ამყოფებს სიცრუეში, ამის ერთ-ერთი მაგალითი კი მისი და ბადრი ჯაფარიძის საქმეა.

„მგონი კითხვები არის საკმაოდ ლეგიტიმური და სერიოზული. კითხვა იქიდან იწყება, როგორ მოხდა, რომ საქართველოში ოპერირებდა ბანკი, რომლის თანადამფუძნებელი კალაძესა და ივანიშვილთან ერთად იყო ცნობილი ფულის გამთეთრებელი გავრილოვი. დანარჩენი გამოძიების საქმეა. მე მათგან განსხვავებით უდანაშაულობის პრეზუმფციას ვიცავ და არავისკენ ხელი არ გამიშვერია. ვთქვი, რომ თუ საქართველოში გვინდა ნორმალური ქვეყნის აშენება, რაც ამ მთავრობის პირობებში არ მოხდება, საზოგადოებამ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს საკითხი გამომზეურდეს. კეთილი ინებოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელმაც ურცხვად თქვა, რომ არ იცის „პროგრეს ბანკისა" და ამ ტრანზაქციების შესახებ, ჩაბრძანდეს ერთი სართულით ქვემოთ, შეკრიბოს ის გუნდი, რომელიც დღე და ღამე ამ ტრანზაქციებს უყურებდა და თუ არ უყურებდა, რატომ არ უყურებდა? თუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, ყველაფერი ცნობილი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის. ესაა მოთხოვნა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

რამდენიმე დღის წინ „მთავარი არხის“ ეთერში მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა 2016 წელი, როცა „თიბისი ბანკი“ „რესპუბლიკა ბანკის“ შეძენას გეგმავდა, მაგრამ მისი მტკიცებით, მაშინ ეროვნულმა ბანკმა ტრანზაქცია უმიზეზოდ შეაჩერა. ხაზარაძის თქმითვე, აღნიშნული საკითხი მან ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი საუბრისას წამოჭრა, რა დროსაც ივანიშვილმა მას უთხრა, რომ თუ „პროგრეს ბანკსაც“ იყიდდა, იქნებ ეს საკითხიც გამოსულიყო, თუმცა "პროგრეს ბანკის" აუდიტორული შემოწმების შემდეგ ფულის გათეთრებაზე გაჩნდა ეჭვი.

ხაზარაძეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა უპასუხა. მესტვირიშვილის თქმით, დოკუმენტაცია, რაზეც გასული დღეების განმავლობაში მიმდინარეობს საუბარი, ეროვნულ ბანკში არ ინახება. მან "თიბისი ბანკს" მოუწოდა, რომ თუ ბანკში ინახება დოკუმენტაცია, სადაც სს “პროგრეს ბანკში” განხორციელებული საეჭვო ტრანზაქციები არის ასახული, სამართალდამცავებსა და ეროვნულ ბანკს მიაწოდონ.

განცხადება გააკეთა კახა კალაძემაც:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, "პროგრესს ბანკს" არანაირი შეხება ფულის გათეთრებასთან არ ჰქონია, - ამის შესახებ კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე იტყუება და არანაირი აუდიტორული დასკვნა არ ჩატარებულა.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ „პროგრეს ბანკი“ 2007 წელს დააფუძნა; 2013 წელს კალაძემ ბანკის საკონტროლო პაკეტი - 78% ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას გადასცა, რომლის უკანაც ბიზნესმენი ილია გავრილოვი იდგა, ბანკის 22%-ის მფლობელი კი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი მამუკა ხაზარაძემ „ბანკ რესპუბლიკასთან“ ერთად იყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები