პოლიტიკურ პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დღეს ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სასამართლოსთან კითხვები აქვს.
„ვინც არ უნდა მოვიდეს მოწმის სახით ამ პროცესზე, შავით თეთრზე წერია, რომ ეს ყველაფერი იყო კანონიერი. არანაირი შეხება ამ ტრანზაქციას არაკანონიერთან არ აქვს, მით უმეტეს ფულის გათეთრებასთან", - აღნიშნა მან.
ამასთან „ლელოს“ ლიდერი ამბობს, რომ თიბისის საქმეში მუქარის წერილის და კიბერშეტევის საკითხები კვლავ გაურკვეველია, ამიტომ ის სასამართლოს კითხვებით მიმართავს:
„მე ველოდები როდის დაიბარებენ გიორგი გახარიას, რომელმაც ერთი წლის წინ გადმოგვცა ჩვენ მუქარის წერილი. ერთი წელი გავიდა იმ მომენტიდან, როცა მან უკვე საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილის კარნახით ან დაწერით, გადმოგვცა ეს მუქარის წერილი, რომელიც ერთი წელია ჰაერში. ჩვენ ჩავაბარეთ დედანიც, ჩავაბარეთ ინგლისში გაკეთებული ანალიზებიც.
მესამე საკითხი არის ის, რომ უკვე წელიწადია "თიბისი ბანკზე" განხორციელებული კიბერშეტევა არ გამოძიებულა გახარიას შს მინისტრობის დროს და ასევე კითხვას ვსვამ - როდის იქნებიან ის პირები მხილებულები, რომელთა ბოტების და ტროლების ფაბრიკა სულ რამდენიმე დღის წინათ "ფეისბუქმა" დაკეტა?“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის: ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 2019 წლის ივლისში წაუყენეს. საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16.7 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტია tv “პირველის“ მფლობელის მამა ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.
მიმდინარე წლის აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.
„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.