მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ხაზარაძე წყალტუბოში ივანიშვილის გეგმებზე: ეს ქვეყნის მითვისების გაგრძელებაა

5db84ade50290
BM.GE
29.10.19 18:23
1318
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესის დაანონსების შესახებ განცხადება გაავრცელა. "თიბისი ბანკისა" და "ლელოს" დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოში მდებარე უძრავი ქონების შესყიდვა ფაქტობრივად, ქვეყნის მითვისებას და შენიღბულ რეკეტს წარმოადგენს. 

"დღეს ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ქალაქ წყალტუბოს 22 სასტუმრო და 9 სამკურნალო აბანო გამოისყიდოს 27 კერძო ინვესტორისგან. ეს არის კეთილშობილებით შენიღბული რეკეტის ნიშნების შემცველი საჯარო განცხადება და ამის ავტორი არის ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი. ეს არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება, რომელიც ივანიშვილმა უკვე განახორციელა პროკურატურაში, სასამართლოში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, ხოლო ახლა რუსეთში ნაშოვნი გაურკვეველი წარმოშობის და პანამის ოფშორული კომპანიიდან შემოსული ფულით განაგრძობს უკვე კერძო სტრუქტურების ნგრევას და ჯიბეში ჩადებას.

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი ნიშნავს არარსებულ საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში, მაშინ, როდესაც სახეზეა უცხოური ინვესტიციების 54%-ით ვარდნა, მაშინ, როდესაც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტიდან გადიან უმსხვილესი უცხოელი ინვესტორები.

არცერთი ქვეყანა ასე არ განვითარებულა და არც ჩვენი ქვეყანა განვითარდება, რადგან ბიძინა ივანიშვილის მმართვის სტილი ნიშნავს სუსტ სახელმწიფოს, სუსტ ეკონომიკას, არაჯანსაღ საინვესტიციო გარემოს, არც ისე შორეულ მომავალში კიდევ უფრო დიდ ტრაგედიას - უკიდურეს სიღარიბესა და ტოტალურ უმუშევრობას.

ხომ არ ჯობდა ბიძინა ივანიშვილისთვის მიგვეყიდა სახემწიფო წიაღისეული , რკინიგზა, ტბები, მდინარეები, ტყეები, შავი ზღვის აკვატორია, ყველა ქონება, რათა მან წარმატებულად დაასრულოს ქვეყნის სრული მისაკუთრება-მიტაცების პროცესი", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს კურორტზე მდებარე სასტუმროების უმრავლესობის შეძენას და მათ რეაბილიტაციას გეგმავს. პროექტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს დაანონსა. ამ დროისთვის პროექტის დეტალები - საინვესტიციო მოცულობა, მისი ვადები თუ აღწერილობა საჯაროდ ცნობილი არაა. 

წყალტუბოში არსებული 22 სანატორიუმიდან, რომლის გამოსყიდვასაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გეგმავს, 15 სანატორიუმი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა. 

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის ქონების სააგენტოში დაუდასტურეს. 

სანატორიუმების სია:

სანატორიუმი "სამგურალი" 
სანატორიუმი "მეგობრობა" 
სანატორიუმი "გეოლოგი" 
სანატორიუმი "იმერეთი" 
სანატორიუმი "გელათი" 
სანატორიუმი "თბილისი" 
სანატორიუმი "რკინიგზელი" 
სანატორიუმი "აია" 
სანატორიუმი "ფილიალი" 
სანატორიუმი "უშიშროება" 
სანატორიუმი "წყალტუბო" 
სანატორიუმი "მედეა" 
სანატორიუმი "სავანე" 
სასტუმრო "წყალტუბო" 
სანატორიუმი "სინათლე"

რაც შეეხება იმას, პრივატიზაციის რა ფორმით გეგმავს ივანიშვილი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების ყიდვას, ჯერჯერობით, უცნობია. დამატებით ინფორმაციას არც - ეკონომიკის სამინისტროში ფლობენ და დეტალებზე ვერც პარტიაში საუბრობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები