ცნობილი გახდა თანხა, რომლის გადახდაც “მანჩესტერ იუნაიტედს“, ყოფილი მწვრთნელის რუბენ ამორიმის გათავისუფლების სანაცვლოდ მოუწევს.
გავლენიანი გამოცემა talkSPORT-ის ცნობით, 2024 წლის ნოემბერში დანიშნული პორტუგალიელი სპეციალისტის ხელფასი წელიწადში 6,7 მილიონ გირვანქას შეადგენდა, “იუნაიტედში“ ყოფნის განმავლობაში მან 7,8 მილიონი გირვანქა გამოიმუშავა. გარიგების პირობების თანახმად, მწვრთნელის დათხოვნის შემდეგ კლუბმა მას კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი მთლიანი თანხა უნდა გადაუხადოს, რაც 10,05 მილიონ გირვანქას შეადგენს.
როგორც ცნობილია, ამორიმის დანიშვნისას “წითელმა ეშმაკებმა“ ლისაბონის “სპორტინგს“ კომპენსაციის სახით 9,5 მილიონი გირვანქა გადაუხადა. ამრიგად, ამორიმი “მანჩესტერ იუნაიტედს“ ჯამში 27,35 მილიონი გირვანქა დაუჯდება.
შეგახსენებთ, რომ ამორიმის წასვლას წინ უძღოდა მის მიერ “ლიდსთან“ მატჩის შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომლებშიც ჩანდა, რომ მას კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონდა.




























