გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Times-ის ცნობით, თუკი “მანჩესტერ სიტი” სასამართლო პროცესს წააგებს, ასეულობით მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ლივერპულის”, “ტოტენჰემისა” და "არსენალისთვის", რომლებმაც თავიანთი პოტენციური მოთხოვნა უკვე დაარეგისტრირეს.
საქმე ეხება ფინანსური წესების იმ 115 დარღვევას, რომელშიც “სიტი” არის დადანაშაულებული.
გამოძიება 4 წელზე მეტი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა და ის მას შემდეგ დაიწყო, რაც 2018 წელს გერმანულმა გამოცემა “Der Spiegel”-მა დოკუმენტები გამოაქვეყნა. სეზონის დაწყების წინ ინგლისის პრემიერ ლიგის ხელმძღვანელებმაც განაცხადეს, რომ “სიტიმ” ფინანსური Fair Play-ის წესები ბევრჯერ დაარღვია.
ორგანიზაციის განცხადებით, 2009 წლიდან 2018 წლამდე არცერთ სეზონში გუნდს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ წარმოუდგენია. მასში შედიოდა, სპორტული და სასპონსორო, როგორც შემოსავლები, ისე გასავალიც.
2009 წლიდან 2013 წლამდე მანჩესტერელებს არ წარმოუდგენიათ ინფორმაცია მთავარი მწვრთნელის ანაზღაურების შესახებაც და აღინიშნებოდა ფეხბურთელების კონტრაქტებთან დაკავშირებული დარღვევებიც.
კლუბი, არაბების მოსვლიდან 2018 წლამდე, საჭირო დოკუმენტებს არ წარმოადგენდა პრემიერ ლიგის მოთხოვნის შესაბამისად, რომლის ვალდებულებაც გააჩნდა.
სასამართლო მოსმენა საკითხზე უკვე დაწყებულია და ის მომავალ გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.