საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნა დადებითი იქნებოდა, თუმცა არ იცის, რა ეტაპზეა ეს საკითხი.
“ყველამ, ვინც მგზავრობს აშშ-დან საქართველოში, იცის, რა კარგი იქნებოდა, პირდაპირი ფრენები რომ იყოს ამ ორ ქვეყანას შორის. ეს საკითხი გარკვეულ პერიოდში განიხილებოდა და პროგრესიც იყო ამ მიმართულებით. ვფიქრობ, მოლაპარაკებები ახლაც გრძელდება, თუმცა Covid-ს საავიაციო ინდუსტრიაზე სერიოზული გავლენა ჰქონდა, ამიტომ ახლა ნამდვილად არ ვიცი, რა ეტაპზეა ეს საკითხი. ეს ნამდვილად იქნებოდა მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ხშირად ვამბობ, რომ რთულია, საქართველოში მოგზაურობაზე ამერიკელები დაიყოლიო მანძილის გამო",- აცხადებს დეგნანი.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აპრილში, აშშ-ში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ციკოლიამ BMG-ს უთხრა, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ აშშ-დან პირდაპირი ავიარეისების დაწყების განხილვა ამერიკულ ავიაკომპანიებთან შეფერხდა.
"სამ ძირითად, უმსხვილეს კომპანიასთნ გვქონდა კომუნიკაცია, რომლებიც აშშ-ში საერთაშორისო ფრენებით არიან დაკავებული. სამიდან ერთ კომპანიაზე დავედით, რომელსაც ჰქონდა ინტერესი, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოში წამოეწყო და ამ საუბრის დროს, უკვე შევედით პანდემიის პროცესში, როცა სამიდან ერთი კომპანია, უკვე პრაქტიკულად ბანკროტად გამოცხადდა.
სამივე კომპანიაში სახელმწიფომ, მათი გადარჩენის მიზნით, მილიარდობით დოლარი ჩადო. სამივე კომპანია ძალიან რთულ, შიდა კორპორაციულ, თუ სხვა პროცესებს გადის. ამ რეალობაში, როცა კომპანიებს ძალიან უჭირთ და დიდწილად არიან დამოკიდებულნი იმაზე, თუ რა დახმარებას გაუწევს მათ სახელმწიფო, წელს უკვე ნელ-ნელა გამოდიან ამ რეალობიდან. რთულია, დამატებით ხაზებზე საუბარი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ვისაუბროთ, პირიქით, ეს არის რეალობა, როცა შეიძლება საუბრისთვის უფრო მეტი სივრცე იყოს და როცა მომწიფდება გარემო, შეიძლება ამ გარემოში დაწინაურება”,-აცხადებდა ციკოლია.




























