მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მანგანუმით მოვაჭრე ქართულმა კომპანიამ 2021 წელს 233-მილიონიანი მოგება გამოიმუშავა

6347c9a9bd065
BM.GE
14.10.22 10:13
2710
მანგანუმით მოვაჭრე ქართულმა კომპანია “სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანიმ” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასული წლის განმავლობაში კომპანიამ საკუთარი შემოსავალი 546 მილიონი ლარით, 710 მილიონ ლარამდე გაზარდა. მკვეთრად გაუმჯობესდა კომპანიის მომგებიანობა და 2020 წელს არსებული 39-მილიონიანი ზარალის ნაცვლად კომპანიამ 233 მილიონი ლარის წმინდა მოგება დააფიქსირა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის ძირითად საქმიანობას ფეროსილიკომანგანუმით, კოქსითა და ქვანახშირით ვაჭრობა წარმოადენს.

“შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი (შემდგომში – კომპანია) დაფუძნდა 2018 წელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის კაპიტალის 100%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს ფიზიკური პირი გიორგი ჭელიძე.

დღეისთვის ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ტრეიდინგულ კომპანიას საქართველოში. ჯგუფი გეგმავს თავისი სავაჭრო პროდუქციის პორტფელის გაფართოებას და შემოსავლების ზრდას. სტილი გეგმავს ქვანახშირის წარმოების გაზრდას 2022 წლის სექტემბერში, კერძოდ, რიგითი ნახშირის მოპოვებას 30 ათას ტონამდე. გასაღების ბაზარი იქნება ძირითადად ორი საქართველოს საწარმო: ჯიემი და ჰაიდელბერგი. ასევე სხვა მცირე საწარმოები,”- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

2019 წლის სექტემბრიდან კომპანიის საკუთრებაშია ქვეყანაში ქვანახშირის მომპოვებელი ერთადერთი კომპანია “საქნახშირი”.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავლები რეალიზებული პროდუქტების მიხედვით ასე ნაწილდება:

ფეროსილიკომანგანუმი - 489 მილიონი ლარი;
კოქსი - 148.1 მილიონი ლარი;
ნახშირი - 24.7 მილიონი ლარი;
საწვავი - 14.7 მილიონი ლარი.
სხვა - 33.6 მილიონი ლარი.

შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი ანგარიშში უთითებს, რომ მისი შემოსავლიდან 481 მილიონი ლარი ექსპორტზე მოდიოდა, 229 მილიონი კი ადგილობრივი გაყიდვები იყო.

ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ “სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის” “ჯორჯიან მანგანეზზე” გაცემული აქვს 126 მილიონი ლარის მოცულობის სესხი.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის აქტივები 479 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ვალდებულებები კი 325 მილიონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები