მთავრობა ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმებს ზრდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დღეს, 2 მარტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით მიიღეს.
როგორც მომხსენებელმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, პროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა, მათ შორის პასუხისმგებლობა დაწესდა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ გზებზე, სადაც სატრანზიტო მოძრაობა დაშვებულია, ან თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისის მუნიციპალიტეტი არ არის. აღნიშნული დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარით განისაზღვრა. ამას გარდა, ტროტუარზე ავტომობილით მოძრაობისთვის 200 ლარიანი ჯარიმა დაწესდა.
პროექტს დაემატა ჩანაწერი M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მიერ ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის აგრეთვე დგომა-გაჩერების სხვა წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. მოგეხსენებათ, რომ სანქციები ქალაქების მიხედვით იყო დაყოფილი. ჩამონათვალს, რომელიც მოიცავდა თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, მცხეთას, რუსთავს, გორს, თელავს, ფოთსა და ზუგდიდს, დაემატა ახალციხე და ოზურგეთი. შესაბამისად, 50-ლარიანი ჯარიმა ამ ქალაქებშიც გავრცელდება.
გარდა ამისა, ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერებისთვის სანქცია ადმინისტრაციული ცენტრების მიხედვით დიფერენცირდა. კერძოდ: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში ან/და საქართველოს კურორტებზე ჯარიმა 100 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო ყველა სხვა ქალაქში 10 ლარი დარჩა.
მკაცრდება პასუხისმგებლობა “დრიფტზე“. თუკი “დრიფტს“ შედეგად სატრანსპორტო საშუალების, ქონების, ნაგებობის დაზიანება ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვება, ეს 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად, 6 თვის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს.
პროექტით განსაზღვრული გაზრდილი ჯარიმების ასეთია:
-
ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 40 ლარისა);
-
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 30 ლარისა);
-
სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა (გარდა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ 2006 წლის 31 მარტის შემდეგ გაცემული მართვის მოწმობისა), სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (გარდა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობისა, როცა სატრანსპორტო საშუალება მძღოლის საკუთრებაა), ან სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით (ნაცვლად 10 ლარისა);
-
იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 15 ლარისა);
-
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ისა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა);
-
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 20 ლარისა);
-
გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა);
-
ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში ან/და საქართველოს კურორტებზე – 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული რეგულირებისა, რომლის თანახმადაც ქმედება რეგიონებში სახდელის სახედ და ზომად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო თბილისში – 50 ლარის ოდენობით);
-
გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა, ანდა ზომების მიუღებლობა გზის ცალკეულ უბნებზე მოძრაობის დროულად ასაკრძალად, შესაზღუდად ან აღსადგენად, როცა ამ გზით სარგებლობა ზღუდავს ან საფრთხეს უქმნის მოძრაობას, ან გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანება, გზის საფარის გაჭუჭყიანება, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრა, გარე ვაჭრობის მოწყობა, ან არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიცემული წერილობითი მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული რეგულირებისა, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით);
-
სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 7 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული რეგულირებისა, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით).
გარდა ამისა, კანონპროექტით სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ნორმები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება პასუხისმგებლობა შემდეგი ქმედებებისათვის:
სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა- გაჩერება − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯარიმებს ზრდას ასე ასაბუთებს: კანონპროექტის მიღების შედეგად, ერთი მხრივ, დაწესდება პასუხისმგებლობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ცალკეული ქმედებებისათვის, მეორე მხრივ კი, გამკაცრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ სამართალდარღვევებისთვის, რომელთათვისაც გათვალისწინებული სანქცია ვერ უზრუნველყოფს პრევენციული ფუნქციის შესრულებას.




























