მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მანუჩარ მარკოიშვილი “მონაკოს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

მარკოიშვილი მონაკოში

ვეტერანი კალათბურთელი და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების სამწვრთნელო გუნდის წევრი მანუჩარ მარკოიშვილი ფრანგული კლუბის “მონაკოს” მთავარი მწვრთნელი გახდა. აღსანიშნავია, რომ კლუბი უმთავრეს ევროპულ საკლუბო ტურნირზე ევროლიგაზე ასპარეზობს, ასეთ დონეზე კი მარკოიშვილის შემთხვევა პირველია ქართული კალათბურთის ისტორიაში.

“მონაკომ” აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ საშა ობრადოვიჩთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გამომშვიდობება გადაწყვიტა რის შემდეგაც, ვაკანტურ პოზიციაზე არჩევანი მის ქართველ ასისტენტზე შეაჩერეს.

”საშა ობრადოვიჩთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მან ჩვენი გუნდისთვის დიდი სამუშაო გასწია. მასთან ერთად კლუბმა საფრანგეთის ჩემპიონატის ორი ტიტული და საფრანგეთის თასი მოიგო. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ევროლიგის ოთხთა ფინალშიც კი გავიდა. ის სამუდამოდ ჩაიწერა ჩვენი კლუბის ისტორიაში. მადლობას ვუხდით გაწეული სამსახურისთვის. დროებით მთავარ მწვრთნელად მანუჩარ მარკოიშვილი დაინიშნება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, საშა!” - ნათქვამია “მონაკოს” ოფიციალურ განცხადებაში.

ამრიგად მარკოიშვილი, რომელმაც ობრადოვიჩთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობას 21 ნოემბრიდან შეუდგება, როცა პირველ შეხვედრას ევროლიგის ეგიდით “ლიონი-ველირბანის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები