მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონაკოში ბანკებმა რუსეთის მდიდარი მოქალაქეების ანგარიშების დახურვა დაიწყეს

მონაკო

მონაკოს ფინანსურმა მარეგულირებელმა G7-ის ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფის
(FATF) მოთხოვნების გამო საბანკო შემოწმებები გაამკაცრა. ბანკები იმ კლიენტების ანგარიშებს ხურავენ, რომლებმაც საკუთარი სახსრების წარმომავლობა ვერ დაადასტურეს.

მონაკომ ბანკებისა და აქტივების მმართველი კომპანიების კონტროლი გაამკაცრა, რის შედეგადაც რუსეთთან დაკავშირებული შეძლებული კლიენტების ანგარიშები მარეგულირებლის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. შემოწმებისას გამოვლენილი პრობლემური საქმეების დაახლოებით ერთი მესამედი სწორედ რუსეთს უკავშირდება - ამის შესახებ The Moscow Times სააგენტო UNN-ზე დაყრდნობით წერს.

შემოწმებებს სამთავროს ფინანსური მარეგულირებელი AMSF ატარებს იმ ფონზე, როდესაც მონაკო ცდილობს თავი დააღწიოს FATF-ის რუხ სიას, რომელშიც ქვეყანა 2024 წელს ფულის გათეთრებასთან ბრძოლაში არსებული ხარვეზების გამო შეიყვანეს.

მარეგულირებელმა შეამოწმა UBS Monaco, Banque Havilland, Julius Baer, Guardian Management და International Corporate Structuring. გამოვლენილ დარღვევებს შორისაა კლიენტების ქონების წარმომავლობის არასათანადო შემოწმება, მათი შესაძლო კრიმინალური, სასანქციო და პოლიტიკური კავშირები, ასევე საეჭვო ფინანსური ტრანზაქციები.

მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით იდენტიფიცირებულ კლიენტებს შორის აღმოჩნდა საოდათ ნარზიევა - რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის და. UBS Monaco-მ მისი ანგარიში 2025 წლის მარტში მას შემდეგ დახურა, რაც მარეგულირებელმა დაადგინა, რომ ბანკს არ გააჩნდა საკმარისი დოკუმენტაცია ძმის მიერ მისთვის ნაჩუქარი ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ.

Julius Baer-მა ურთიერთობა გაწყვიტა ვიქტორ ფედოტოვთან, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ყოფილ ხელმძღვანელთან. მარეგულირებელმა დაადგინა, რომ ბანკმა კლიენტთან დაკავშირებული ეჭვების შესახებ შესაბამისი საფუძვლების გაჩენიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ განაცხადა.

AMSF-მა პრეტენზიები გამოთქვა იმ მომსახურებასთან დაკავშირებითაც, რომელიც გაეწია რუსეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, ელენა სკრინიკის ძმას, ლეონიდ ნოვიცკის და Fedcominvest-ის მფლობელ ალექსეი ფედორიჩევს. ეს უკანასკნელი უკრაინაში კორუფციასა და ფულის გათეთრებაში იყო ეჭვმიტანილი, 2024 წელს კი, უკრაინის მოთხოვნით, იტალიაში მასთან დაკავშირებული 41 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები დააყადაღეს.

შემოწმება შეეხო რუსეთთან დაკავშირებულ სხვა შეძლებულ კლიენტებსაც, რომელთა ვინაობაც არ საჯაროვდება. ზოგიერთ შემთხვევაში, მარეგულირებელმა ბანკებს ანგარიშების დახურვა ურჩია, რადგან შეუძლებელი გახდა კაპიტალის წარმომავლობის დადასტურება ან განხორციელებული ტრანზაქციების ეკონომიკური მიზანშეწონილობის ახსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები