30 ივნისს, მონაკოში, საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან მოწყობილი აფეთქების შედეგად, უკრაინელი მილიარდერი ვადიმ იერმოლაევი, მისი პარტნიორი და არასრულწლოვანი შვილი მძიმედ დაშავდნენ.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, სამართალდამცავებმა გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით უკვე დაიწყეს. ქვეყნის მთავარმა პროკურორმა სტეფან ტიბომ განაცხადა, რომ მომხდარი ტერორისტულ აქტად არ მიიჩნევა.
სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გაანალიზების შემდეგ, გამოძიება ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი დამოუკიდებლად მოქმედებდა. ის ამ დრომდე დაკავებული არ არის, თუმცა მასზე ძებნა საფრანგეთის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ცნობისთვის, მონაკოში მკვლელობის მცდელობის შემდეგ ბოროტმოქმედი სწორედ მეზობელ სახელმწიფოში გაიქცა.
რაც შეეხება თავად ვადიმ იერმოლაევს, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნესმენად მიიჩნევა, ის ჟურნალმა Forbes-მა 2022 წელს ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად დაასახელა და სიაში მე-12 ადგილზეც გაიყვანა. ბიზნესმენმა სამშენებლო იმპერიის შენება 1995 წელს დაიწყო, მოგვიანებით კი კორპორაცია Alef-ი დააფუძნა. დასახელებულმა კომპანიამ ქალაქ დენპრის ცენტრში უმსხვილესი სავაჭრო და ბიზნესცენტრები ააგო. მისი ჰოლდინგი ამჟამად აგრობიზნესის, მშენებლობისა და სამედიცინო ინსტრუმენტების წარმოების სექტორებშია წარმოდგენილი.
იერმოლაევმა უკრაინის მოქალაქეობაზე უარი 2019 წელს თქვა და კვიპროსის პასპორტი მიიღო, რადგან უკრაინაში მიმდინარე გამოძიების ფონზე სურდა საერთაშორისო დაცვის გარანტიები მიეღო. მოგვიანებით მან თავად განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი მის წინააღმდეგ დაწყებული ცილისმწამებლური სამართლებრივი დევნა იდგა და რომ უკრაინის სასამართლო და საგადასახადო სისტემები მის მიმართ ობიექტურები არ იყვნენ.
2023 წელს უკრაინის ხელისუფლებამ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ოფიციალური კიევი მას ყირიმში ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში ადანაშაულებდა. იერმოლაევი ბრალდებებს დღემდე კატეგორიულად უარყოფს. ბიზნესმენის მტკიცებით, ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ მან აქტივები სრულად დაკარგა. მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში მან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არაერთხელ დაგმო და ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევის სურვილიც გააჟღერა.
იერმოლაევის სახელი მედიის ყურადღების ცენტრში მისი შვილის გარშემო განვითარებული სკანდალის გამოც მოხვდა. ბიზნესმენის შვილი არტურ იერმოლაევი 2025 წლის დეკემბერში კვიპროსზე Interpol-ის მოთხოვნით დააკავეს. მოგვიანებით ის სამართალდამცავებმა ესტონეთს გადასცეს. ადგილობრივი პროკურატურა მილიარდერის შვილს თაღლითური ქოლცენტრების შექმნას ედავებოდა. ესტონელი გამომძიებლების მტკიცებით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა €100 მილიონზე ($108 მლნ.) მეტი მიიღო. არტურ იერმოლაევმა სასამართლოსთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და €8.5 მილიონი ($9.2 მლნ.) ოდენობის ჯარიმა გადაიხადა. სასჯელის მოხდის შემდეგ მან ესტონეთის ტერიტორია დატოვა.


























