რუსეთის უმდიდრესმა ადამიანებმა, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა პირებმა, ქვეყნიდან მილიარდობით დოლარის უცხოეთში გატანა დაიწყეს. Bloomberg-ის ინფორმაციით, კაპიტალის გადინება ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასა და სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებულმა შიშებმა გამოიწვია.
ანალიტიკოსების შეფასებით, ელიტის წარმომადგენლებში აქტივების შესაძლო კონფისკაციის შიში მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ხელისუფლებამ მსხვილი ბიზნესების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის პროცესი გაააქტიურა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გასულ წელს პროკურატურამ სახელმწიფოს სასარგებლოდ $51.5 მილიარდზე მეტი ღირებულების აქტივები ამოიღო, რაც ნაციონალიზაციის ახალ პროგრამასთან იყო დაკავშირებული.
ბიზნესწრეებში შეშფოთება განსაკუთრებით გაიზარდა მარტში პუტინთან გამართული იმ დახურული შეხვედრის შემდეგ, სადაც მილიარდერმა სულეიმან კერიმოვმა ბიზნესის მხრიდან სახელმწიფოსთვის სოლიდური თანხების გადაცემის ინიციატივა წამოაყენა. ანონიმური წყაროების მტკიცებით, დღეს რუსეთში ყველა მილიარდერი ფიქრობს, რომ ერთ დროს მათაც მოუწევთ ბიუჯეტში სოლიდური თანხების შეტანა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პირადი სახსრებით დაფინანსება.
რაც შეეხება კაპიტალის გადაზიდვის მარშრუტებს, რუსი ოლიგარქები ინვესტიციებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთში, კვიპროსსა და საუდის არაბეთში აბანდებენ. პარალელურად, ზოგიერთმა მათგანმა საქმიანობა აფრიკაშიც კი დაიწყო.
Bloomberg-ის ინფორმაციით, სანქციებისა და სახელმწიფო კონტროლისთვის გვერდის ავლის მიზნით, ოლიგარქები კრიპტოვალუტას, ოქროსა და კერძო საინვესტიციო ფონდებს იყენებენ. ექსპერტების შეფასებით, წელს არაფორმალური გზებით ქვეყნიდან გასული თანხის მოცულობა ათობით მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
ამასთან, ზოგიერთი მილიარდერი აქტივების სრულ ლიკვიდაციასაც ცდილობს, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთის იურისდიქციაში არსებული ყველა აქტივი, რეალურად, პუტინის კონტროლს ექვემდებარება.




























