„მაქრო ჯგუფი“ საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობით წამყვანი კომპანიების ხუთეულში შედის. კომპანიამ 2024 წელს განახორციელა რებრენდინგი, ამასთან ერთად, ცალკე მიმართულებად გამოყო „მაქრო დეველოპმენტი“, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე იქნება ფოკუსირებული. უნიკალური მულტიფუნქციური პროექტების შექმნა, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა და მაღალი დონის სასტუმროების მშენებლობა - ეს „მაქრო ჯგუფი“-ის გეგმების ნაწილია. კომპანიის მნიშვნელოვან სიახლეს კი წარმოადგენს, ორი მასშტაბური პროექტის დაწყება 2025 წელს, თბილისსა და ბათუმში, რომელიც ჯამში 7000 ბინას გააერთიანებს.
რებრენდინგსა და სამომავლო გეგმებზე BMG-სთან ინტერვიუში „მაქრო დეველოპმენტ“-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ გოგოხიამ ისაუბრა.

„მაქრო ჯგუფი“ 10 წელზე მეტია ბაზარზეა წარმოდგენილი და არაერთი წარმატებული პროექტი გაქვთ განხორციელებული. რას უკავშირდება რებრენდინგი?
დიახ, „მაქრო ჯგუფი“ 2013 წლიდან არის საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი, მრავალფეროვანი მიმართულებებით. რებრენდინგი კომპანიის ევოლუციის ნაწილია და მომხმარებლების საჭიროებების კიდევ უფრო ეფექტიანად დაკმაყოფილებაში დაგვეხმარება. „მაქრო ქონსთრაქშენიდან“ ცალკე გამოიყო „მაქრო დეველოპმენტი“, შედეგად იქნება სამი ძირითადი მიმართულება: „მაქრო დეველოპმენტი“, „მაქრო ქონსთრაქშენი“ და „მაქრო ტურიზმი“. სამივე მიმართულებით ვფიქრობთ მასშტაბების გაზრდას და საინტერესო სიახლეების შეთავაზებას მომხმარებლებისათვის.
უფრო დეტალურად, რას მოიცავს თქვენი ძირითადი მიმართულებები, რომლებიც რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა?
ჩვენი ყველა მიმდინარე მიმართულება მშენებლობასთანაა დაკავშირებული. „მაქრო ქონსთრაქშენი“ აქამდე აერთიანებდა როგორც საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას - „მწვანე ბუდაპეშტი“ და „მწვანე ალმასი“, ასევე საგზაო მშენებლობას და სხვადასხვა ტენდერებს. ახლა იმ დონეზე გაფართოვდა კომპანია, რომ ორ დიდ საცხოვრებელ პროექტს ვიწყებთ, რომელიც 7000 ბინას გააერთიანებს, რაც დიდი ნახტომია. ფაქტობრივად 10 წელია ვართ ბაზარზე და აქამდე 2000 ბინა გვაქვს გაყიდული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ ცალკე გამოიყოს „მაქრო დეველოპმენტი“, რომელიც იქნება კონკრეტულად საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე ფოკუსირებული.

რაც შეეხება „მაქრო ქონსთრაქშენს“, ეს მიმართულება დარჩება და აქტიურად ჩავერთეთ სახელმწიფო ტენდერებში. საგარეჯოს გზის მშენებლობაში ვმონაწილეობთ, ასევე ყინულის მოედნის ტენდერში გავიმარჯვეთ და მსგავს ტენდერებში სამომავლოდაც აქტიურ ჩართულობას განვიხილავთ.
„მაქრო ტურიზმის“ ფარგლებში ჩვენი კომპანიის აშენებულია სასტუმროები - Mercure Tbilisi Old Town და Ibis Styles City Center. ერთ-ერთი ახალი პროექტია Swissôtel Tbilisi, რომლის მშენებლობაც ახლახან დავასრულეთ. სასტუმროების ნაწილში ბრენდირებული კომპანიების დაკვეთით ვაშენებთ და თავად ვმართავთ Accor ბრენდის ქვეშ. სამომავლოდაც მსხვილი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობას განვიხილავთ.
რატომ გადაწყვიტეთ საცხოვრებელი მიმართულებისთვის პრიორიტეტის მინიჭება, მოთხოვნის გარდა თუ არის სხვა ფაქტორები, რამაც კომპანიის გეგმები განსაზღვრა?
რასაკვირველია მოთხოვნა მნიშვნელოვანი ფაქტორია და ასევე, გამოცდილება, რომელიც უკვე შესრულებული პროექტებიდან დაგვიგროვდა. „მწვანე ბუდაპეშტი“ ფაქტობრივად იყო მულტიფუნქციური კომპლექსის ტიპის პირველი პროექტი თბილისში, რომელიც იზოლირებული ეზოთი, გამწვანებული სივრცით იყო წარმოდგენილი. ამ პროექტში დაახლოებით 350 ბინა გვქონდა და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მშენებლობის დასრულებამდე სრულად გაიყიდა. ამ წარმატების და მომხმარებლების უკუკავშირის საფუძველზე, რომ გამწვანებული სივრცე, იზოლირებული ეზო იყო პრიორიტეტი, სწორედ ამ კონცეფციით დავიწყეთ შემდეგ პროექტზე, „მწვანე ალმასზე“ მუშაობა, სადაც 1688-მდე გაიზარდა ბინების რაოდენობა. ამ პროექტის მშენებლობა უკვე სრულდება. სამი საცურაო აუზი, საკმაოდ დიდი გამწვანებული სივრცე აქვს, კომერციული ზონაც გავაფართოვეთ, არის სტადიონები, სარბენი ბილიკები, ღია და დახურული პარკინგი. სწორედ მომხმარებლების უკუკავშირის და სურვილების გათვალისწინებით შევქმენით ეს პროექტი. თავიდან, როდესაც მშენებლობა დავიწყეთ, ირგვლივ არაფერი იყო და პროექტს სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ჩვენი პროექტის ირგვლივ ახლა არაერთი კომპანია ახორციელებს მშენებლობას. ფაქტობრივად პიონერები ვიყავით ამ ტერიტორიაზე მშენებლობის გააქტიურების. ჩვენს ახალ მასშტაბურ პროექტებში, რომლებსაც თბილისსა და ბათუმში ვიწყებთ, ასევე მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მომხმარებლების საჭიროებებს. ჩვენც გამოცდილებას ვიძენთ ამ პროცესში. მაგალითად, „მწვანე ალმასის“ შემთხვევაში კომერციული ზონა იყო პროექტის შიგნით და გარე მომხმარებლებს არ მიეცათ საშუალება, რომ სრულყოფილად ესარგებლათ ამ ზონებით. შემდეგ პროექტში ამას ვითვალისწინებთ და კომერციული ზონა პერიმეტრს გარეთ იქნება და ყველა თავისუფლად გამოიყენებს. არაერთი მსგავსი ცვლილებაა, რომელიც მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე განვახორციელეთ ახალ პროექტში. მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული მომხმარებლებზე, რადგან სწორედ მათი სურვილების, აზრის გათვალისწინება განსაზღვრავს ჩვენი პროექტის წარმატებას.

როგორც აღნიშნეთ, ორი ახალი პროექტი გაქვთ თბილისსა და ბათუმში, რომელიც ჯამში 7000 ბინას გააერთიანებს. რას შესთავაზებთ მომხმარებლებს და რით იქნება გამორჩეული ეს პროექტები?
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი იქნება თბილისში, კერძოდ სამგორში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდით, რომელიც 4000-მდე აპარტამენტს გააერთიანებს. ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ იმგვარად დაგეგმარებული ბინებია, რომ ყველა ტიპის მომხმარებლის საჭიროებაზე იყოს მორგებული, სტუდიოს ტიპის ბინებიდან, 3-4 საძინებლიან ბინებამდე. ასევე, ერთი და იმავე კვადრატულობის ბინა შესაძლოა სხვადასხვა გეგმარებითაც გვქონდეს წარმოდგენილი. ვინაიდან, ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლების უკუკავშირს და სურვილებს, ახალ პროექტში ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება, ვიდრე „მწვანე ალმასში“ გვაქვს. დიდ აუზთან ერთად, გვექნება საბავშვო აუზი, აკვაპარკი, ბაგა-ბაღი, ტენისის კორტები და უფრო დიდი ფიტნეს დარბაზი. რაც შეეხება ბინის შიდა მოწყობისთვის გამოყენებული მასალის ხარისხს, იქნება ბევრად გაუმჯობესებული, მაგალითად, ალუმინის ფანჯრები და სლაიდ კარებები.
ასევე მნიშვნელოვანია ფასი, რომელსაც წინასწარი გაყიდვების დრო ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებს ვთავაზობთ. მაგალითად, „მწვანე ბუდაპეშტის“ შემთხვევაში, საწყისი ფასი იყო 700 დოლარიდან და გავზარდეთ 1500 დოლარამდე. მეორად ბაზარზე ამ პროექტის დღევანდელი ღირებულება კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 2500-2750 დოლარია. იგივე გამოცდილება გვქონდა „მწვანე ალმასის“ შემთხვევაში - 700 დოლარიდან დავიწყეთ და გავზარდეთ 1350 დოლარამდე, ხოლო ახლანდელი ფასი საშუალოდ 1500 დოლარია. შესაბამისად, ჩვენმა მომხმარებლებმა იციან, რომ საწყისი ფასი შედარებით დაბალია და ბევრად მომგებიანია შეძენა. ამიტომ, წინასწარი გაყიდვების დროს ბინების საკმაოდ დიდი რაოდენობა იყიდება. ჩვენი კომპანიის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ვიცავთ ვადებს და პროექტებს დროულად ვაბარებთ, რაც ნდობას იწვევს მომხმარებლებში და ზუსტად იციან, რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ ჩვენგან.
რაც შეეხება ბათუმის პროექტს, ეს იქნება ახალი უბანი, როგორც თბილისში გავაკეთეთ „მწვანე ალმასის“ სახით, რომელიც მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით იქნება მოწყობილი. რა თქმა უნდა, საინვესტიციოდაც მიმზიდველი იქნება, როგორც ჩვენი სხვა პროექტები. ვინც ჩვენს პროექტებში საწყის, მშენებლობის ეტაპზე ინვესტიციას ახორციელებს, ფაქტობრივად ჩვენი პარტნიორები არიან და ჩვენთან ერთად ნახულობენ შემდეგ მოგებას. ამასთან, პროექტი ძირითადად საცხოვრებელი მიზნით იქნება გათვლილი და ფაქტობრივად ახალი სიტყვა იქნება ბათუმში ამ მიმართულებით.
ახალ პროექტებში როდის დაიწყება წინასწარი გაყიდვები და ვის შეეძლება სარგებლობა ამ შეთავაზებით?
წინასწარ გაყიდვებს იმ მომხმარებლებს ვთავაზობთ, ვისაც უკვე აქვს შეძენილი ჩვენს სხვა პროექტებში ბინა. საკმაოდ ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს, რომლებიც პროექტიდან პროექტამდე მოგვყვებიან და ბიზნესს ჩვენთან ერთად აკეთებენ, ანუ ჩვენი პარტნიორები არიან. მათ იციან, რომ გარანტირებულ მოგებას იღებენ, თუ პროექტის საწყის ეტაპზევე მოახდენენ ინვესტირებას, რადგან შემდგომ, ჩვენს პროექტებში როგორც გაყიდვის, ისე გაქირავების ფასი საკმაოდ მაღალია. 2024 წლის ბოლომდე მოხდება წინასწარი გაყიდვები მხოლოდ ჩვენი მომხმარებლებისათვის, რაც შეეხება ოფიციალურ გაყიდვებს ის 2025 წელს დაიწყება.
























