მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ბიზნესის თხოვნები, მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება - კალაძე დიდგაბარიტიანი მანქანების შეზღუდვაზე

კალაძე

დედაქალაქის საზღვრებში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ახალი შემზღუდველი ნორმები ამოქმედდება. შესაბამისი ცვლილებები დედაქალაქის მერიამ მოამზადა და საკრებულომ უნდა დაამტკიცოს - ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, გადაწყვეტილებები კერძო სექტორთან თანამშრომლობით არის მიღებული.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს.

„პარლამენტის მხარდაჭერით მიღებულია კანონი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში კრძალავს დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გადაადგილებას. წინა მთავრობაზე დავავალე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს, რომ შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საფუძველზე მომზადებულიყო წესი საკრებულოში წარსადგენად. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან“ და ბიზნეს სექტორის
წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მათი თხოვნები, შესაძლებლობები, შევაჯერეთ პოზიციები და მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს არც კერძო სექტორს და თავისი მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს ქალაქში გადაადგილებაზე, განსაკუთრებით პიკის საათებში. ეს წესი ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან. საკრებულოს მიერ დასამტკიცებელი წესის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში.

აქვე, უნდა აღინიშნოს რომ იქნება გარკვეული გამონაკლისები, რეგულაცია არ გავრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში; ასევე, გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე.

აღნიშნული წესის დარღვევაზე იმოქმედებს ჯარიმები, პირველ შემთხვევაში 1 000 ლარი, განმეორებით შემთხვევაში კი 3 000 ლარი. აღნიშნული წესი ძალაში შევა 2024 წლის 1 იანვარს " - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები