მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაქსიმალური ყურადღება კონკრეტულ ლოკაციებზე გადავიტანეთ“ - როგორ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები სტიქიის ზონაში?

სტიქია რაჭაში


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაობი მაქსიმალური სიფრთხილით მიმდინარეობს და ტექნიკასთან ერთად სამაშველო სამსახურის ქვეითი თანამშრომლები მუშაობენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. 


„ამ დროისთვის იჭრება გზა, რომ მეწყრულ მასას მაშველები ორივე მხრიდან მიუდგნენ. ერთ მხარეს დაახლოებით 8 ერთეული ტექნიკა მუშაობს, იმ ლოკაციაზე სადაც გუშინ ცხედრები იპოვეს. მძიმე ტექნიკა სამაშველო სამსახურის ქვეითებთან ერთად მუშაობს, ჩვენ სამძებრო სამუშაოებს იმ დათქმით ვახორციელებთ, რომ უნდა ვიპოვოთ ცოცხალი ადამიანები, სამწუხაროდ შეიძლება ვნახოთ გარდაცვლილებიც... ამიტომ სამუშაოები ფრთხილად მიმდინარეობს“, - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა. 


მისივე ინფორმაციით, პროზექტურაში გადაყვანილი 11 მიცვალებულიდან ამოცნობილია 6 პიროვნება, დანარჩენის ამოცნობის პროცესი კი მიმდინარეობს. 


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით კი სტიქიის ზონაში კონკრეტული ლოკაციები განისაზღვრა, სადაც თეორიული გამოთვლებით დაკარგულების პოვნაა შესაძლებელი.

„ამჟამად შიგნით მობილიზებულია დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. პარალელურად, გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, რომლებზეც მაქსიმალური ყურადღება გადავიტანეთ იმ თეორიული გამოთვლებით, სადაც შეიძლება, რომ დამატებით ცხედრის აღმოჩენა მოხდეს. ძირითადად კოტეჯების ტერიტორიაზეა საუბარი. სწორედ კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებთან ერთად განვიხილეთ, სად იმყოფებოდნენ მაშინ, როდესაც ბოლო კონტაქტები შედგა.

მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ტექნიკის შეყვანა მოხერხდა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხიდის მოწყობაზე, რაც ძალიან გააადვილებს გადაადგილებას მდინარის მარჯვენა სანაპიროზე. ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის შრომის ნაყოფიერებას, რათა მეტ ადგილზე შევიდეთ და ბევრ ლოკაციაზე ტრანსპორტის საშუალებით ფრთხილად ვიმუშაოთ“,- განაცხადა მღებრიშვილმა.

ჟურნალისტებთან განცხადებების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, რომელთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება სტიქიის ეპიცენტრში ჩაფრინდნენ. 

„მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს ძებნა-შველის ღონისძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ. დრონების საშუალებით მოხდა ტერიტორიის დათვალიერება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და სტიქიის დროს დაკარგული მოქალაქეების ოჯახის წევრების შეხვედრა გუშინ მოხდა, რა დროსაც მათ გამოთქვეს სურვილი თავად ენახათ სტიქიის ზონაში არსებული რთული მდგომარეობა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. დაკარგული მოქალაქეების ძებნის სამუშაოები მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები