მაქვს წინადადება, რომ ერთმა მსახიობმა 2-3-ის ნაცვლად ერთ თეატრში იმუშაოს და სწორედ ერთმა თეატრმა გადაუხადოს სრული ხელფასი, - ამის შესახებ კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს საკითხი მხოლოდ მინისტრის შეთავაზებაა, და თუ შემოქმედებით წრეებში არ გაიზიარებენ, არსებული რეალობა დარჩება.
„ამ თემაზე გადაწყვეტილება მე არ მაქვს მიღებული, თუმცა მაქვს პოზიცია. თუ გაიზიარებენ ამ პოზიციას შემოქმედებით წრეებში, მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ხოლო თუ არ გაიზიარებენ, სტატუს-კვო იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის. ვგულისხმობ იმას, რომ მწირი ხელფასის გამო ერთიდაიგივე მსახიობი მუშაობს რამდენიმე თეატრში. იმის გამო, რომ თეატრებს არ ეხება მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები, გვაქვს შემთხვევა, რომ ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე თეატრში ორ ან სამ პოზიციაზე მუშაობს.
ეს გასაჭირის გამო არის და არა იმიტომ, რომ ერთ ადამიანს მოსწონს რამდენიმე თეატრში მუშაობა, ან ერთ თეატრში რამდენიმე ფუნქციის შესრულება. შეთავაზება იქნება ასეთი - თუ მსახიობები გაიზიარებენ ამ პოზიციას, დავადგინოთ, რომ მსახიობი, თუ ის არის შტატში და საჯარო მოხელესთან მიახლოებული პირი გამოდის, მაშინ მას ჰქონდეს ერთ თეატრში მუშაობის უფლება იმ დათქმით, რომ ყველა ის ხელფასი, რასაც დღეს სამ თეატრში მუშაობისას იღებს, ერთ შტატზე ჰქონდეს გაერთიანებულად. ვფიქრობ, ეს კარგი ინიციატივაა, მაგრამ „კაცია და ბუნება“, თუ ამას გაიზიარებენ, რაც მათთვის სასიკეთოა, ძალიან კარგი იქნება. ამით ისინი მსახიობების ახალ თაობებს შეუწყობენ ხელს, რომ სამუშაო ადგილები გაჩნდეს, რადგან როცა ჩემი ასაკის ერთი მსახიობი იკავებს სამ ადგილს სხვადასხვა თეატრში, ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ ორი ადგილი არის დაკავებული და ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც შარშან გამოვიდა უნივერსიტეტიდან, ვერ პოულობს ადგილს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ეს ინიციატივა სამსახიობო ხელოვნების განვითარებას არ უწყობს ხელს.