ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ 1986 წელს მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩინებული სანახაობა შესთავაზა გულშემატკივარს, არგენტინა ისტორიაში მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი გახადა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო - ოქროს ბურთი დაიმსახურა.
აღნიშნული პრიზი დეკადების მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ფრანგულმა სააუქციონო სახლმა “Aguttes-მა” განაცხადა, რომ ჯილდო იპოვეს და ის 6 ივნისს უნდა გაყიდულიყო, თუმცა საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ ნივთის გაყიდვა აკრძალა.
მარადონას ოჯახის ადვოკატის განცხადებით მანამ სანამ გადაწყდება ვინ არის ბურთის კანონიერი მფლობელი ხანგრძლივი იურიდიული დავა იწარმოება სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სასამართლოების მიხედვით. მისი განცხადებით დავის მოსაგებად სამი თვის განმავლობაში სპეციალურ მტკიცებულებებს წარმოადგენს.
“Aguttes-ის” სპორტული ნივთების ხელმძღვანელის ფრანსუა ტიერის განცხადებით ოქროს ბურთი დღის სინათლეზე 2016 წელს გამოჩნდა, როცა ალჟირული წარმოშობის ფრანგმა კოლექციონერმა აბდელჰამიდ ბ-მ აღმოაჩინა და სხვა ნივთებთან ერთად შეიძინა. სასამართლო პროცესის წამოწყებამდე ჯილდოს ოფიციალურ მფლობელად სწორედ ის ითვლებოდა.
აუქციონი პარიზში 6 ივნისს უნდა შემდგარიყო და ფრანსუა ტიერის განცხადებით ორგანიზაცია ამ ლოტით 10 მილიონი ევროს მიღებას აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს “Aguttes-ს” სააუქციონო სახლმა დიეგო მარადონას 1986 წელს ინგლისის კარში “ღმერთის ხელად” წოდებული გოლისას ნაცვამი მაისური რეკორდულ 9,3 მილიონ დოლარად გაყიდა, ხოლო თამაშში გამოყენებული ბურთი 2,4 მილიონ დოლარად შეფასდა.