რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მდებარე მარანი „ბიმბილი“ შუშხუნა ღვინის წარმოებას იწყებს - ამის შესახებ მეღვინეობის დამფუძნებელმა, ვლადიმერ გურგენიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ „ბიმბილი“ რაჭაში გურგენიძეების საოჯახო მეურნეობაა. 2019 წელს მამულში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მცირე საწარმო აშენდა, რომელშიც მეღვინეობის უახლესი ევროპული აღჭურვილობა დამონტაჟდა. პარალელურად რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძველ მარანს და ქვევრებს. ხოლო 2020 წლიდან, მარნის მიერ წარმოებული ღვინო ბაზარზე გამოჩნდა. რაც შეეხება სახელწოდებას, „ბიმბილი“ ყურძნის მარცვალს ნიშნავს.
ვლადიმერ გურგენიძის ინფორმაციით, მათი ღვინო გამორჩეულია იმით, რომ საღვინე ყურძენი მხოლოდ ხანდაზმული, არანაკლებ 15-20 წლის ასაკის ვაზიდან იკრიფება, რაც ღვინის ხარისხზე პირდაპირპროპორციულად აისახება.
„ამჟამად, 13-14 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ. ისინი მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის ჯიშებია.
გეგმურად, წელიწადში 50 ტონა ყურძნის გადამუშავებას უზრუნველვყოფთ. თუმცა, წელს მხოლოდ 30 ტონა გადავამუშავეთ, რადგან ხარისხიანი ყურძნის მოძიება გაგვიჭირდა. ნედლეულს ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებიდან ვიძენთ. ჩვენც კი გვაქვს ახალგაზრდა ვენახი, მაგრამ საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა ვენახებიდან ყურძენს არ ვიღებთ. ვაზის მინიმალური ასაკი 15-20 წელი უნდა იყოს.
ვგეგმავთ შუშხუნა ღვინის წარმოების დაწყებას. ახლა მიმდინარეობს გადაწყვეტა, თუ რომელი ღვინოების კუპაჟი (რამდენიმე ღვინის სახეობის ერთმანეთში გადარევა) უნდა მოხდეს, რომ შუშხუნა ღვინის წარმოება დავიწყოთ. ახლა ჩვენი თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს, რომ წარმოების ტექნიკა შეისწავლონ. ახალი ხაზის დამატებისთვის, დაახლოებით 2.5-3 მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ“, - ამბობს გურგენიძე.
მარნის ხელმძღვანელის განმარტებით, მათი ღვინის 80% ადგილობრივ ბაზარზე, თბილისსა და აჭარაში ღვინის ბარ-რესტორნებში, მარკეტებსა და ღვინის მაღაზიებში იყიდება. ამასთან, ექსპორტზე ძირითადად ევროპულ ქვეყნებში გადის, როგორიცაა გერმანია, ავსტრია და სხვა.