მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარეგულირებელმა Vodafone-ისა და Three-ის $19.5-მილიარდიან შერწყმას მწვანე შუქი აუნთო

Three / Vodafone

გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა ორი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, Vodafone-ისა და Three-ის $19.5-მილიარდიან შერწყმას მწვანე შუქი აუნთო, მაგრამ კომპანიებს კონკრეტული ვალდებულებები განუსაზღვრა. შერწყმა იმ შემთხვევაში შედგება, თუ კომპანიები ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის $14.5 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებენ და მომხმარებელთა უფლებების დასაცავად კონკრეტულ ბერკეტებს შეიმუშავებენ და არსებულ სატარიფო პოლიტიკას დატოვებენ.

მარეგულირებლის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ Vodafone-ში, სადაც ამბობენ, რომ ჰონგ-კონგში ბაზირებული CK Hutchison-ის შვილობილ Three-სთან შერწყმით, გაერთიანებული სამეფოს სატელეკომუნიკაციო ბაზარი განვითარდება, ხოლო 5G-ინტერნეტი ყველა სკოლაში და საავადმყოფოში გახდება ხელმისაწვდომი. გარიგების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მარეგულირებელი ერთ თვეში მიიღებს და თუ ტრანზაქცია შესრულდა, Vodafone-ი კომბინირებული ბიზნესის 51%-იანი წილის მფლობელი გახდება.

Vodafone-ისა და Three-ის შერწყმის შედეგად, გაერთიანებული სამეფოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე სამი ძირითადი მოთამაშე დარჩება. რეალურად, შერწყმა სწორედ კონკურენციამ განაპირობა, რადგან Vodafone-იცა და Three-იც მნიშვნელოვნად ჩამორჩნენ BT-ის მიერ 2016 წელს შეძენილ EE-ს და O2-ს, რომელსაც Telefonica და Liberty Global-ი ფლობენ. საინტერესოა, რომ თავის დროზე, ამ $19.5-მილიარდიან შერწყმას ზემოხსენებული BT შეეწინააღმდეგა, რადგან კომპანიის შეფასებით, ბაზარზე კონკურენცია შემცირდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები