მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ჯაში კულტურის სამინისტროს აღდგენაზე: "მთავრობა შეცდომას აღიარებს"

5e258dea286a9
ინგა მურუსიძე
20.01.20 15:28
1201
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი მარიამ ჯაში ამბობს, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფით მთავრობა „შეცდომას“ აღიარებს.

როგორც ცნობილია, თავიდანვე, ჯაში სამინისტროების გაერთიანების წინააღმდეგი იყო და მან, როგორც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ სამინისტროების შერწყმას მხარი არ დაუჭირა.

„მე, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, მივესალმები კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფას. ვფიქრობ, გაერთიანების გადაწყვეტილება თავიდანვე არასწორი იყო. ჯერ ფრაქციის სახელით საბოლოო პოზიციას ვერ გეტყვით და დაველოდებით მთავრობის ინიციატივას. მხოლოდ ცალკე სამინისტროდ უწყების ფორმირება არ არის საკმარისი ამ სფეროს განვითარებისთვის. სფეროს სჭირდება მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციები. კულტურა არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაფინანსებადი სფერო, მაშინ როცა საქართველო თავისი ისტორიიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს კულტურის სფეროს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ გაცილებით გონივრული იქნებოდა სამინისტროების გაყოფა მომხდარიყო გასული წლის დეკემბერში, ვიდრე ბიუჯეტი დამტკიცდებოდა.

„რა თქმა უნდა, ლოგიკური და თანმიმდევრული იქნებოდა დეკემბერში ამ გადაწყვეტილების მიღება, სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებასთან ერთად, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო დროს არათანმიმდევრული ნაბიჯების მომსწრე ვართ ხშირად. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, როცა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ვართ. ვფიქრობ, ეს არის შეცდომის აღიარება, რომელიც 1 წლის წინ იქნა დაშვებული“, - აღნიშნა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ცალკე უწყებად მხოლოდ კულტურის სამინისტრო გამოეყოფა, ხოლო სპორტი კვლავ უწყების შემადგენლობაში დარჩება. როგორც bm.ge-ის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა განუცხადა, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს, თუმცა მსჯელობა ნამდვილად მიმდინარეობს, რასაც მთავრობის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები