მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა - რა განიხილეს?

232
11.07.25 17:17
354

"ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება.

სამინისტროს ცნობით, ის აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა.

"შეხვედრაზე აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილს მიულოცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დანიშვნა, წარმატება უსურვა საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება ახალი წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე თანამშრომლობის პერსპექტივები რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

ხაზი გაესვა იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ვაჭრობაში არსებობს. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - 2025 წლის იანვარი - მაისის მონაცემებით, აზერბაიჯანში საქართველოს ექსპორტი 12%-ით გაიზარდა. ამის მიუხედავად აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ექსპორტის გაზრდის პოტენციალი აზერბაიჯანის ბაზარზე.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ინვესტიციები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, სოფლის მეურნეობა, კავშირგაბმულობა და სხვ.განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონული პროექტების განხორციელების ხელშეწყობაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის სექტორში. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის აზერბაიჯანი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტურისტული ბაზარია და 2024 წლისა და 2025 წლის ორი კვარტალის მონაცემებით, მეხუთეა იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოდის საქართველოში. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით ურთიერთობების განვითარებასა და სიხშირეებისა და მიმართულებების დამატების შესაძლებლობაზე.

შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანელი კოლეგა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წელს მეხუთედ ჩატარდება. შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე", - აღნიშნულია პრესრეზილში.

როგორია საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური კავშირი? - სტატისტიკა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები