"ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.
აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. bm.ge გთავაზობთ ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმოხილვას რიცხვებში.
ვაჭრობა
2024 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის მეექვსე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა 13.7%-ით შემცირდა და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მეზობელ ქვეყანაზე საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 5.6% მოდის.
საქართველოს აზერბაიჯანთან დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს, რამდენადაც უფრო მეტს ყიდის, ვიდრე ყიდულობს. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს აზერბაიჯანში ექსპორტმა 724.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 15.9%-ით შემცირებული მაჩვენებელი იყო. კლება მათ შორის მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის 1.5-ჯერ შემცირებას უკავშირდებოდა. აზერბაიჯანი, საქართველოს ექსპორტში 11%-იანი წილით, მესამე უმსხვილესი პარტნიორია.
რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს 10.9%-ით შემცირდა და 583.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის 3.5%-ია. ამ მაჩვენებლით მეზობელი ქვეყანა მეექვსე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი იყო. იმპორტის კლების მხრივ აღსანიშნავია ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტის - ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების 59 მლნ დოლარზე მეტით კლება.
2024 წელს აზერბაიჯანში ექსპორტირებული TOP-10 პროდუქტი შემდეგია:
- მსუბუქი ავტომობილები - 290.1 მლნ აშშ დოლარი
- სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 50.2 მლნ აშშ დოლარი
- ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 38.1 მლნ აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 31.9 მლნ აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 27.2 მლნ აშშ დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 22.3 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 19.1 მლნ აშშ დოლარი
- კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 18.9 მლნ აშშ დოლარი
- ბამბა საფეიქრო მასალებისაგან, საფეიქრო ბოჭკოები სიგრძით არა უმეტეს 5 მმ-ისა - 17.9 მლნ აშშ დოლარი
- ალაოს ექსტრაქტი - 16.3 მლნ აშშ დოლარი
TOP-10 იმპორტირებული პროდუქტი აზერბაიჯანიდან კი შემდეგია:
- ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 254.3 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 76.1 მლნ აშშ დოლარი
- ცემენტი - 60.7 მლნ აშშ დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 32.2 მლნ აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 14.3 მლნ აშშ დოლარი
- თაბაშირი; ანჰიდრიტი; ბათქაში - 13 მლნ აშშ დოლარი
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 12.1 მლნ აშშ დოლარი
- ელექტროენერგია - 11 მლნ აშშ დოლარი
- ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან - 7.7 მლნ აშშ დოლარი
- რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის დამატების გარეშე - 5.6 მლნ აშშ დოლარი
2025 წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვამ 522.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 5%) და ამ მხრივ მეექვსე უმსხვილესი პარტნიორია. 282.3 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტით ის კვლავ მესამე უმსხვილესი პარტნიორია. ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა. იმპორტი კი 2.7%-ით შემცირდა და 240.6 მლნ აშშ დოლარი იყო.
ენერგეტიკა
ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობა იმ ფონზე, რომ მეზობელ ქვეყანას ენერგორესურსები ექსპორტზე საქართველოს გავლით გააქვს, რის სანაცვლოდაც საქართველო ენერგიის ნაწილს ან თანხას იღებს.
აზერბაიჯანი საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელია, რომელიც წინა წლებში ჯამური მოხმარების დაახლოებით 80%-ს აკმაყოფილებს. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის პარვიზ შაჰბაზოვის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში 2.4 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განხორციელდა. ეს 2023 წლის მაჩვენებელს 100 მლნ მ3-ით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოში აზერბაიჯანული გაზის იმპორტი მცირდება.
საქართველოზე გადის ორი მილსადენი, რომლითაც აზერბაიჯანული ნავთობი ევროპულ ბაზრებზე ხვდება. ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები. ბაქო-სუფსა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაჩერებულია, თუმცა ფუნქციურია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით, რომლითაც შარშან 29.3 მლნ ტონა ნავთობი გადაიტანეს.
2024 წელს საქართველომ აზერბაიჯანისგან ოფციური და დამატებითი გაზის კონტრაქტებით 1 მილიარდ 465 მლნ მ³ მოცულობის გაზი მიიღო.
ამასთან, 2024 წელს საქართველომ აზერბაიჯანისგან 11 მლნ აშშ დოლარის ელექტროენერგია იყიდა. ხოლო მიმდინარე წელს 20.3 მლნ დოლარის.
FDI
2024 წელს აზერბაიჯანიდან პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 70.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ჩამორჩება 2023 წლის მაჩვენებელს - 90.3 მლნ აშშ დოლარს. საქართველომ მეზობელი ქვეყნისგან ყველაზე მეტი, 582 მლნ დოლარის FDI 2015 წელს მიიღო, რის შემდეგაც მაჩვენებელი მცირდებოდა და 2020 წელს უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა. 2021-2022 წლებში მაჩვენებელი 3.4 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, ვიდრე 2023 წელს 90 მილიონ დოლარს გადააჭარბებდა.
2025 წლის პირველ კვარტალში კი ინვესტიციებმა 25 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის 12.7 მლნ დოლარს აღემატება.
ფულადი გზავნილები
2024 წელს საქართველომ აზერბაიჯანისგან 43.8 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო, რაც ჩამორჩება 2023 წლის 46.8 მლნ დოლარს. 2022 წლიდან მოყოლებული მაჩვენებელი მცირდება. საქართველომ მეზობელი ქვეყნისგან ყველაზე მეტი - 85.2 მლნ დოლარის გზავნილი 2021 წელს მიიღო. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანს ქვეყნის მთლიან გზავნილებში მცირე წილი უჭირავს, გასულ წელს მასზე გზავნილების მხოლოდ 1.3% მოდიოდა.
2025 წლის პირველ ხუთ თვეში აზერბაიჯანიდან შემოსული ფულადი გზავნილები 17.4 მლნ დოლარია, რაც ჩამორჩება გასული წლის ანალოგიური პერიოდის 18.3 მლნ დოლარიან მაჩვენებელს.
ტურიზმი
ტურიზმის სტატისტიკაშიც აზერბაიჯანს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია და TOP-5 ქვეყანაში შედის, საიდანაც 2024 წლის განმავლობაში საქართველოში 219 356 ვიზიტი განხორციელდა, ეს მაჩვენებელი 2023 წლის მონაცემს 9.8%-ით აღემატება. 2021 წლიდან მოყოლებული მაჩვენებელი მზარდია, თუმცა ჩამორჩება 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს - 1 526 619 ვიზიტს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანს საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი პანდემიის პერიოდის შემდეგ ჩაკეტილი აქვს. ბოლო ინფორმაციით, აზერბაიჯანი სპეციალურ საკარანტინე რეჟიმს 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე ახანგრძლივებს. შესაბამისად, აზერბაიჯანი-საქართველოს სახმელეთო საზღვარიც სულ მცირე აღნიშნულ თარიღამდე არ გაიხსნება.
2025 წლის 6 თვეში აზერბაიჯანიდან ვიზიტები 36%-ით გაიზარდა და 135 248 შეადგინა, რითაც ქვეყნების რეიტინგში მეხუთე ადგილზეა.




























